1 . როცა შეიბრალებს უფალი იაკობს, ისევ აირჩევს ისრაელს და მათივე მიწაზე დაასახლებს; შეუერთდებიან მათ უცხოტომელნი და იაკობის სახლს შეემატებიან.
2 . აიყვანენ მათ ხალხები, მოიყვანენ თავიანთ ადგილზე და დაიმკვიდრებს მათ ისრაელის სახლი უფლის მიწაზე მონებად და მხევლებად, თავიანთ დამატყვევებლებს დაატყვევებენ და თავიანთ მჩაგვრელებზე გაბატონდებიან.
3 . და იქნება: იმ დღეს, როცა მოგასვენებს უფალი შენი ტკივილისგან, შფოთისა და ჯაფისაგან, რომლითაც იტანჯებოდი,
4 . მაშინ წარმოთქვამ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: "როგორ შეაჩერეს მოძალადე, როგორ აღიკვეთა ჩაგვრა.
5 . შემუსრა უფალმა ბოროტეულთა არგანი, დაამსხვრია ხელმწიფეთა კვერთხი.
6 . რისხვით რომ მუსრავდა ხალხებს უკურნებელი წყლულებით, ბრაზით იმორჩილებდა ერებს და დაუოკებლად დევნიდა მათ.
7 . დაწყნარდა და დამშვიდდა მთელი ქვეყანა, ხმამაღლა ყიჟინებს.
8 . კვიპაროსებიც შემოგხარიან და ლიბანის კედრებიც - რაც ძირს განერთხე, ხის მჭრელი აღარ მოსულა ჩვენთან.
9 . შავეთი, ქვესკნელი შეიძრა შენს შესახვედრად, შენი მოსვლისას; გამოაღვიძა შენთვის აჩრდილნი, ქვეყნის ყველა წინამძღოლი; ხალხთა მეფენი წამოაყენა თავ-თავისი ტახტებიდან.
10 . მოგიგებს ყველა და გეტყვის: შენც ჩვენსავით დაუძლურდი და ჩვენ დაგვემსგავსე.
11 . ქვესკნელს ჩაეშვა შენი ბრწყინვალება და შენი ებნების ხმა; ქვეშ მატლი გიგია და ზედ ჭიაღუა გახურავს.
12 . როგორ ჩამოვარდი ციდან, მნათობო, ძეო განთიადისა; მიწამდე ჩამოემხე, ერთა დამძაბუნებელო.
13 . გულში ამბობდი: "ცამდე ავმაღლდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ავიმაღლებ ტახტს, საკრებულო მთაზე დავჯდები, ჩრდილოეთის კიდეებზე.
14 . ღრუბლებს ზემოთ ავმაღლდები, უზენაესს დავემსგავსები!”
15 . თუმცაღა ქვესკნელში იქნები ჩაგდებული, შავეთის ჯურღმულებში.
16 . დაგაკვირდებიან შენი დამნახავნი და ჩაფიქრდებიან - ესაა ის კაცი, მიწას რომ ათრთოლებდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა,
17 . ქვეყნიერებას რომ აუდაბურებდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს არ ათავისუფლებდა ტყვეობის სახლიდან?
18 . ხალხების მეფეები დიდებაში განისვენებენ, თავ-თავიანთ სამყოფელში.
19 . შენ კი უსამაროდ ხარ დატოვებული, გადაგდებული, როგორც საძაგელი ლერწი, შემოსილი ხარ მახვილით დახოცილებით, რომლებსაც ქვის ორმოებში ყრიან; გათელილ გვამს ჰგავხარ.
20 . მათთან ერთად ვერ დაიმარხები, რადგან ააოხრე შენი ქვეყანა და გაჟლიტე შენი ხალხი; ბოროტმოქმედთა თაობა, ნუმც მოიხსენება საუკუნოდ.
21 . სასაკლაო გაამზადეთ მისი შვილებისთვის, მათი მამების ურჯულოების გამო, რათა არ აღდგნენ, არ დაიპყრონ ქვეყანა და მღელვარებით არ აავსონ მიწის ზედაპირი.
22 . "აღვდგები მათ წინააღმდეგ! - ამბობს ცაბაოთ უფალი - და მოვკვეთ ბაბილონის სახელს, მისი მონაგარისა და შთამომავლობის მონარჩენს!” - ამბობს უფალი.
23 . "მაჩვზღარბთა და ჭანჭყობთა სამკვიდროდ ვაქცევ და განადგურების ცოცხით გავხვეტ!” - ამბობს ცაბაოთ უფალი.
24 . დაიფიცა ცაბაოთ უფალმა და თქვა: "როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება, როგორც განვიზრახე, ისე აღსრულდება.
25 . ჩემს მიწაზე შევმუსრავ აშურს და ჩემს მთებზე გავთელავ მას; გადაიგდება მათგან მისი უღელი და მისი ტვირთი ჩამოეხსნებათ მხრებიდან”.
26 . ეს არის განაჩენი, მთელი ქვეყნის მიმართ გამოტანილი და, ეს არის, ხელი მოღერებული ყველა ხალხზე.
27 . რადგან გადაწყვიტა ცაბაოთ უფალმა და ვინ დაარღვევს? ხელი შემართა და ვინ შეაბრუნებს?
28 . მეფე ახაზის სიკვდილის წელს იქნა ეს წარმოთქმული.
29 . ნუ გიხარიათ, ფილისტიმელნო, თქვენი მგვემელი კვერთხის დამსხვრევა, რადგან გველის ფესვიდან გამოვა ასპიტი და მისი ნაყოფი ფრთოსანი გველი იქნება.
30 . უმწეოთა პირმშონი გამოიკვებებიან და გაჭირვებულნი უსაფრთხოდ წამოწვებიან; შიმშილით გავანადგურებ შენს ფესვს და გავჟლეტ შენს მონარჩენს.
31 . იქვითინე, კარიბჭევ! იტირე, ქალაქო! მთლიანად დადნები, ფილისტიმო, რადგან ჩრდილოეთიდან მოდის კვამლი და არავინ ჩამორჩება მის ბანაკს.
32 . რა პასუხს გასცემს ხალხთა წარგზავნილთ? რომ უფალმა დააფუძნა სიონი და მასში ჰპოვებენ თავშესაფარს მისი ხალხის ჩაგრულნი”.