1 . "ჩამოემხე და მტვერში ჩაჯექი, ქალწულო, ასულო ბაბილონისა, მიწაზე დაჯექი ტახტის გარეშე, ქალდეველთა ასულო, რადგან ნაზსა და სათუთს აღარ გიწოდებენ.
2 . აიღე დოლაბი და დაფქვი, მოიშორე პირბადე, აიწიე კალთა, გამოაჩინე წვივები, გადაიარე მდინარეები;
3 . გამოჩნდება შენი სიშიშვლე და წარმოჩინდება შენი სირცხვილი; შურს ვიძიებ და არ დავინდობ ადამიანს.
4 . მხსნელი ჩვენი - ცაბაოთ უფალია მისი სახელი, წმიდა ისრაელისა.
5 . მდუმარედ იჯექ და წყვდიადს მიდი, ქალდეველთა ასულო, რადგან სამეფოთა დედოფალს აღარ გიწოდებენ.
6 . განვრისხდი ჩემს ხალხზე, შევბღალე ჩემი სამკვიდრებელი და ხელში გადმოგეცი, შენ კი წყალობა არ გაიმეტე, ფრიად დაუმძიმე მოხუცს უღელი.
7 . ამბობდი: მუდამ ქალბატონი ვიქნებიო! გულთან არ მიიტანე და შედეგი არ გაიხსენე.
8 . ახლა კი ისმინე, ფაქიზო, უსაფრთხოდ მჯდომო, რომ ამბობ შენს გულში: მე ვარ და არავინააო ჩემს გარდა, არ დავქვრივდები და არ ვიგემებო შვილის სიკვდილს!
9 . ერთ დღესაც ორივე უცბად მოგეწევა, შვილსაც დაკარგავ და კიდეც დაქვრივდები, მიუხედავად შენი დიდი ჯადოსნობისა და მრავალი ჯადოებისა.
10 . შენი ბოროტმოქმედების იმედი გქონდა; ამბობდი: ვერავინ მხედავსო. შენმა სიბრძნემ და ცოდნამ გაგრყვნა, გულში ამბობდი: მე ვარ და ჩემს გარდა არავინააო!
11 . მოგეწევა ბოროტი და არ გეცოდინება მისი შელოცვა. დაგატყდება უბედურება და ვერ შეძლებ მისგან გამოსყიდვას, ისე მოულოდნელად მოგივა წარწყმედა, რომ ვერც მიხვდები.
12 . დარჩი ახლა შენს ჯადოსნობასა და მრავალ გრძნეულებაში, რაზეც სიყმაწვილიდან ზრუნავდი; იქნებ მიიღო სარგებელი, იქნებ შიში მოჰგვარო ხალხს.
13 . დაქანცული ხარ მრავალი რჩევისგან; ახლა ადგნენ და გიხსნან ცისმზომელებმა და ვარსკვლავთმრიცხველებმა, ახალმთვარობისას რომ წინასწარმეტყველებენ და გეუბნებიან რა მოგივა.
14 . აჰა, ბზესავით გახდნენ, ცეცხლმა დაწვა ისინი, ვერ გადაირჩინეს სული ალისგან; არ დარჩა ნაკვერჩხალი გასათბობად, ცეცხლი - მის წინ დასაჯდომად.
15 . ასეთები გახდნენ შენთვის ისინი, ვისთვისაც იღწვოდი, ვისთანაც შენი სიყმაწვილიდან ვაჭრობდი; თითოეული თავის მხარეს წაჩანჩალდა, არავინაა შენი მხსნელი!