ესაია თავი 23

1 . წინასწარმეტყველება ტვიროსზე: იქვითინეთ, თარშიშის ხომალდებო, ვინაიდან მოისპო ტვიროსი, სახლებისა და ნავთსაყუდელის გარეშე დარჩა; ქითიმის მიწიდან ეუწყათ ეს ამბავი.

2 . დადუმდით, სანაპიროს მცხოვრებნო, სიდონელო ვაჭრებო, რომელთა წარგზავნილნიც ზღვაზე ნაოსნობდნენ.

3 . მრავალი წყლებით მიდიოდა შიხორის მარცვლეული, მდინარის მოსავალი, და ერთა სავაჭრო ადგილად იყო ქცეული.

4 . გრცხვენოდეს სიდონ, სიმაგრევ ზღვისა. დაილაპარაკა ზღვამ და თქვა: "მშობიარობით არ მიტანჯია და არ მიშვია, ჭაბუკნი და ქალწულნი არ გამიზრდია”.

5 . როდესაც ეუწყება ეგვიპტეს, აცახცახდება ტვიროსის ამბის გამო.

6 . გადადით თარშიშში, იქვითინეთ, სანაპიროს მცხოვრებნო.

7 . ესაა თქვენი მოზეიმე ქალაქი? რომელსაც ძველთაგანვე, დაბადებიდანვე დაატარებდნენ ფეხები შორეულ ქვეყნებში სამკვიდრებლად?

8 . ვინ გადაუწყვიტა ეს ტვიროსს, სატახტო ქალაქს, რომლის ვაჭარნიც ქანაანის მთავარნი არიან და სოვდაგარნი - ქვეყნიერების წარჩინებულნი?

9 . ცაბაოთ უფალმა გადაწყვიტა შეებღალა ქედმაღლობა ყოველგვარი მშვენიერებისა და დაემცირებინა ყველა წარჩინებული ქვეყნიერებისა.

10 . მდინარესავით გადაიარე შენი ქვეყანა, თარშიშის ასულო, რადგან აღარ არის სარტყელი.

11 . ზღვასაც მოუღერა ხელი, აათრთოლა სამეფოები; ბრძანა უფალმა ქანაანზე, დაენგრიათ მისი ციხე-სიმაგრენი.

12 . თქვა: "მეტად აღარ ამაღლდები, დაცემულო ქალწულო, სიდონის ასულო! ადექი და ქითიმს გადადი, მაგრამ ვერც იქ იპოვი სიმშვიდეს”.

13 . აჰა, ქალდეველთა ქვეყანა. ეს არის ხალხი, რომელიც არ იყო; აშურმა დააფუძნა იგი უდაბნოს ველურთათვის. მიადგეს თავიანთი კოშკები, დაანგრიეს მათი სასახლეები, ნანგრევებად გადააქციეს.

14 . იქვითინეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან გაცამტვერებულია თქვენი სიმაგრე.

15 . და იქნება იმ დღეს: დავიწყებული იქნება ტვიროსი სამოცდაათი წელი, ერთი მეფის ცხოვრების დღეების მიხედვით; სამოცდაათი წლის ბოლოს კი, მეძავის სიმღერასავით მოუვა ტვიროსს:

16 . "აიღე ქნარი, შემოიარე ქალაქი, დავიწყებულო მეძავო! კარგად დაუკარი, ხშირად იმღერე, რათა გაგიხსენონ!”

17 . და იქნება: სამოცდაათი წლის შემდეგ მოინახულებს უფალი ტვიროსს. ისევ დაუბრუნდება ტვიროსი თავის სიძვობის ქირას და ისიძვებს ქვეყნიერების ყველა სამეფოსთან დედამიწაზე.

18 . მისი ვაჭრობისა და სიძვის ქირა უფლისადმი იქნება მიძღვნილი; არ დაგროვდება საგანძურებსა და საწყობებში, რადგან უფლის წინაშე მცხოვრებთათვის იქნება მისი ნავაჭრი გასაძღომ საჭმელად და დიდებულ შესამოსელად.