1 . გაიღვიძე, გაიღვიძე, შენი ძალით შეიმოსე, სიონო! შეიმოსე შენი დიდების სამოსელით, იერუსალიმო, წმიდა ქალაქო, რადგან ვეღარ შემოვა შენში წინადაუცვეთელი და უწმიდური.
2 . ჩამოიფერთხე მტვერი, აღსდექ, ტყვე იერუსალიმო, ქედის საკვრელები მოიხსენი, დატყვევებულო სიონის ასულო!
3 . რადგან ასე ამბობს უფალი: "მუქთად გაიყიდეთ და ვერცხლის გარეშე გამოისყიდებით”.
4 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: "ერთ დროს, ეგვიპტეში იყო ჩასული ჩემი ხალხი საცხოვრებლად, აშური კი უმიზეზოდ ჩაგრავდა მას.
5 . ახლა კი, რა დამრჩენია აქ? - ამბობს უფალი - მუქთად არის ჩემი ერი წაყვანილი, გმინავენ მისი მთავრები, ამბობს უფალი, გამუდმებით, ყოველდღიურად იგმობა ჩემი სახელი.
6 . ამიტომ შეიცნობს ჩემი ხალხი ჩემს სახელს; ამიტომ, იმ დღეს შეიცნობს, რომ მე ვარ ის, რომელიც ამბობს - "აჰა, აქ ვარ!”
7 . რა მშვენიერია მთებზე ფერხნი მახარებლისა, მშვიდობის მაუწყებლისა, სიკეთის მახარებლისა და ხსნის გამომცხადებლისა, რომელიც ეუბნება სიონს: "გამეფდა შენი ღმერთი!”
8 . ისმინე! შენმა გუშაგებმა ხმა აიმაღლეს, ერთად ყიჟინებენ, რადგან საკუთარი თვალით ხედავენ უფლის დაბრუნებას სიონში.
9 . აყიჟინდით, ერთად შემოსძახეთ სიხარულით, იერუსალიმის ნანგრევებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი, გამოისყიდა იერუსალიმი.
10 . გაიშიშვლა უფალმა წმიდა მკლავი ყველა ერის თვალწინ, რათა დედამიწის ყველა კიდემ იხილოს ჩვენი ხსნა ღვთისმიერი.
11 . გაშორდით, გაშორდით, გადით მანდედან, უწმიდურს ნუ შეეხებით! გამოდით მისი წიაღიდან, განიწმიდეთ, უფლის საჭურველთმტვირთველნო.
12 . მაგრამ აჩქარებით არ გამოხვალთ და სირბილით არ ივლით, რადგან უფალი წაგიძღვებათ და ისრაელის ღმერთი გამოგყვებათ უკან, მცველად.
13 . აჰა, წარმატებული იქნება ჩემი მსახური; ამაღლდება, აიწევა და დიდად აღზევდება.
14 . მრავალი განცვიფრდა მისი შემხედვარე, რადგან არავინ იყო მასზე მეტად დამახინჯებული კაცთა შორის, მისი იერი ადამის ძისას არ ჰგავდა.
15 . ასე განაცვიფრებს იგი ბევრ ხალხს, მის გამო პირს მოკუმავენ მეფენი, რადგან ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ - დაინახავენ, და ვისაც არ მოუსმენია - მიხვდება.