ესაია თავი 25

1 . უფალო, ღმერთო ჩემო! აგამაღლებ და მადლობას ვუძღვნი შენს სახელს, რადგან საოცრებანი მოიმოქმედე სრული ერთგულებით. ეს იყო შენი ჩანაფიქრი ადრინდელი დროიდან!

2 . შენ აქციე ქალაქი ქვის გროვად, გამაგრებული დედაქალაქი - ნანგრევებად; უცხოთა სასახლედ, აღარაა ქალაქი, აღარ აშენდება უკუნისამდე.

3 . ამის გამო გადიდებს ძლევამოსილი ხალხი, ულმობელი ერების ქალაქებს შეეშინდებათ შენი.

4 . რადგან შენ იყავი უმწეოს სიმაგრე, გაჭირვებულის სიმაგრე მის სივიწროვეში, თავშესაფარი ნიაღვრებისას, ჩრდილი პაპანაქებაში; ვინაიდან ულმობელთა სუნთქვა ღვარცოფივით ეხლებოდა კედელს.

5 . შენ ჩაახშე უცხოთა ბრდღვინვა, როგორც ხვატი უწყლო ადგილზე; როგორც ხვატი ღრუბლის ჩრდილით, ისე დაითრგუნა სასტიკთა სიმღერა.

6 . მსუყე ნადიმს მოუმზადებს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე, ძველი ღვინოებით, ძვლის ტვინიანი საჭმელებით, თხლისგან დაწმენდილი ღვინით.

7 . ამ მთაზე შთანთქავს ყველა ხალხზე აფარებულ პირბადეს და ყველა ერზე აფარებულ რკინის ნიღაბს.

8 . სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს უფალი ღმერთი და მოსწმენდს ცრემლს ყველა სახიდან, მოაშორებს სირცხვილს თავის ხალხს მთელ ქვეყნიერებაზე, რადგან თქვა უფალმა.

9 . იტყვიან იმ დღეს: "აჰა, ესაა ჩვენი ღმერთი, მას ველოდით და გვიხსნა, უფალს ველოდით და ვხარობთ და ვზეიმობთ მისმიერი ხსნით”.

10 . რადგან ამ მთაზე დაივანებს უფლის ხელი და გაითელება მოაბი თავის ადგილზე, როგორც ჩალას თელავენ სანაგვეზე.

11 . თუმცა გაშლის ხელებს თავის წიაღში, როგორც მოცურავე გასაცურად, მაგრამ უფალი დაამცირებს მის სიამაყეს მისი ხელის ცბიერებასთან ერთად.

12 . ის დაამდაბლებს შენი მაღალი კედლების სიმაგრეს, მიწამდე დაამდაბლებს, მტვრად აქცევს.