1 . ვაი, არიელ, არიელ, ქალაქო სადაც დავითი დაბანაკდა! წელიწადს წელიწადი მიამატეთ, დაკალით და იდღესასწაულეთ.
2 . შევაჭირვებ არიელს და იქნება ურვასა და ტირილში და იქნება ის ჩემთვის, როგორც არიელი - დიდი სამსხვერპლოს საცეცხლური.
3 . შენს ირგვლივ დავბანაკდები, სანგარს შემოგავლებ და გოდოლებს აღვმართავ.
4 . მიწამდე დამცირდები, მტვრიდან ილაპარაკებ და ყრუდ გამოვა შენი ნათქვამი მუცლით მეზღაპრის ხმასავით და მტვრიდან იჩურჩულებს შენი ნათქვამი.
5 . თხელი მტვერივით იქნება შენი მტრების სიმრავლე და ქარით ატაცებულივით - დაუნდობელთა სიმრავლე; მოულოდნელად, მყისიერად მოხდება ეს.
6 . ქუხილით მოგინახულებს ცაბაოთ უფალი - მიწისძვრითა და დიდი ხმით, ქარიშხლით, გრიგალითა და მშთანმთქმელი ცეცხლის ალით.
7 . სიზმარივით იქნება და ღამის ხილვასავით არიელის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხების სიმრავლე; ყველა, ვინც ამხედრებულა მის წინააღმდეგ და მისი სიმაგრეების წინააღმდეგ, მისი შემაწუხებელნი.
8 . და იქნება, როგორც მშიერს ესიზმრება, თითქოს ჭამს, გამოიღვიძებს და ცარიელი აქვს სტომაქი; როგორც მწყურვალს ესიზმრება, თითქოს სვამს, გამოიღვიძებს და გასავათებულია, სწყურია მის სულს; ასე მოუვა ყველა ხალხს, სიონის მთის წინააღმდეგ მებრძოლთ.
9 . შეჩერდით და გაოცდით, თავი დაიბრმავეთ და ბრმანი იყავით. მთვრალნი არიან, მაგრამ არა ღვინით, ირწევიან, თუმცა არა მაგარი სასმელისგან.
10 . რადგან ძილქუშის სული გადმოღვარა თქვენზე უფალმა და თვალები დაგიხუჭათ - თქვენი წინასწარმეტყველნი და თავები დაგიფარათ - თქვენი მხილველნი.
11 . ყოველი ხილვა დალუქული წიგნის სიტყვებივით გაგიხდათ, რომელსაც აძლევენ წერა-კითხვის მცოდნეს და ეუბნებიან: "წაიკითხე”. მაგრამ ის ამბობს: "არ შემიძლია, ვინაიდან დალუქულია იგი”.
12 . მისცემენ წიგნს წერა-კითხვის უცოდინარს და ეტყვიან: "წაიკითხე”. მაგრამ პასუხობს იგი "არ ვიცი კითხვა”.
13 . და თქვა უფალმა: "იმის გამო, რომ ეს ხალხი მხოლოდ სიტყვებით მიახლოვდება და მხოლოდ ბაგეთა მსახურებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან და მათი მოშიშება ჩემდამი გაზეპირებულ წესებად იქცა.
14 . ამიტომ, აჰა, კვლავ მოვიმოქმედებ საოცრებებს ამ ხალხში, ნიშნებსა და სასწაულებს მოვახდენ, და დაიკარგება სიბრძნე მისი ბრძენკაცებისა და დაიმალება გონიერთა გონება”.
15 . ვაი მათ, ვინც უფლისგან გულის სიღრმეში მალავენ ზრახვებს, სიბნელეში აქვთ საქმენი და ამბობენ: "ვინ გვხედავს ან ვინ გვიცნობს?”
16 . თქვენ გააუკუღმართეთ ყველაფერი! განა მექოთნე თიხის თანასწორად ჩაითვლება? ნუთუ ნივთი თავის გამკეთებელზე იტყვის, მას არ გავუკეთებივარო? ქმნილება თუ იტყვის თავის შემქმნელზე: მას რა გაეგებაო?
17 . კიდევ ცოტაც, ძალიან ცოტაც და ნაყოფიერ მინდვრად იქცევა ლიბანი. ხოლო ნაყოფიერი მინდორი ტყედ გადაიქცევა.
18 . მოისმენენ იმ დღეს ყრუნი წიგნის სიტყვებს და დაინახავენ ბრმათა თვალები წყვდიადიდან და სიბნელიდან.
19 . წამებულნი უფრო მეტ სიხარულს ჰპოვებენ უფალში, ადამიანთაგან შეჭირვებულნი ისრაელის წმიდაში გაიხარებენ.
20 . რადგან გადავა დაუნდობელი და გაქრება აბუჩად ამგდები, მოიკვეთებიან გულმოდგინენი ურჯულოებაში.
21 . სიტყვით რომ აცთუნებენ ადამიანს, მახეს რომ უგებენ კარიბჭესთან მამხილებელს და ამაოებისკენ ახვევინებენ მართალს.
22 . ამიტომ ასე ამბობს უფალი, აბრაჰამის გამომსყიდველი, იაკობის სახლზე: "აღარ იქნება იაკობი შერცხვენილი და აღარ გაუფითრდება სახე.
23 . როცა იხილავს თავის შვილებს, ჩემი ხელის ნაყოფთ მის წიაღში, წმიდად ჰყოფენ ჩემს სახელს, დიახ, წმიდად ჰყოფენ იაკობის წმიდას და ისრაელის ღმერთის შიში ექნებათ.
24 . მაშინ, თავიანთ გონებაში ცთომილნი ჭეშმარიტებას შეიცნობენ და მობუზღუნენი მოძღვრებაში გაიწაფებიან".