1 . აჰა, უფალი აუკაცრიელებს დედამიწას და აცამტვერებს, ასხვაფერებს მის ზედაპირს და ფანტავს მის მცხოვრებთ.
2 . გახდება ხალხი მღვდელივით, მსახური - ბატონივით, მხევალი - ქალბატონივით, მყიდველი - გამყიდველივით, მსესხებელი - გამსესხებელივით და მოვალე - მევალესავით.
3 . გაუკაცრიელდება ქვეყანა და გაიძარცვება, რადგან უფალმა თქვა ეს.
4 . გლოვობს და დაჭკნა დედამიწა, მიილია და გახმა ქვეყნიერება, გაქრნენ ქვეყნის წარჩინებულნი.
5 . შეიბილწა ქვეყანა მისი მცხოვრებლებით, რადგან განუდგნენ რჯულს, შებღალეს წესი და დაარღვიეს საუკუნო აღთქმა.
6 . ამის გამო წყევლამ შეჭამა ქვეყანა; მისი მცხოვრებნი არიან დამნაშავენი. გადაიბუგნენ ქვეყნის მკვიდრნი და მცირედნიღა დარჩნენ.
7 . მაჭარი გლოვობს, ვაზი ხმება, ოხრავს ყველა გულმხიარული.
8 . შეწყდა ხმა დაფდაფებისა, მინავლდა მოლხინეთა ხმაური, დაცხრა ქნარის მხიარულება.
9 . აღარ მღერიან ღვინის სმისას, სასმელი გაუმწარდათ მსმელთ.
10 . დაინგრა დაცარიელებული ქალაქი, ყველა სახლი დაიკეტა - ვერავინ შედის.
11 . ღვინოს მისტირიან ქუჩებში, მხიარულება სიმწარედ იქცა, ლხინი განიდევნა ქვეყნიდან.
12 . აოხრდა ქალაქი, ნანგრევებად იქცა კარიბჭე.
13 . ვინაიდან ისე იქნება შუაგულ ქვეყანაში, ხალხებს შორის, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყისას და ნამცვრევის კრეფისას, როგორც რთველის შემდეგ.
14 . აიმაღლებენ ხმას, იმღერებენ უფლის დიდებაზე, ხმამაღლა იყიჟინებენ ზღვიდან.
15 . ამიტომ განადიდეთ უფალი აღმოსავლეთში და უფლის, ისრაელის ღმერთის სახელი - ზღვისპირეთში.
16 . ქვეყნის კიდიდან გვესმის სიმღერა: "დიდება მართალს!” მაგრამ მე ვთქვი: ვაი მე, ვაი მე, ვაგლახ მე! მოღალატენი ღალატობენ და მეტად ღალატობენ მოღალატენი.
17 . შიში, ორმო და მახეა თქვენს წინაშე, ქვეყნიერების მკვიდრნო!
18 . და იქნება: უბედურების ხმაზე გაქცეული ორმოში ჩავარდება და ორმოდან ამოსული მახეში გაებმება, რადგან გაიღო ცის სარკმელები და შეირყა ქვეყნის საძირკველნი.
19 . შეიმუსრა, შეიმუსრა დედამიწა; გაიპო, გაიპო დედამიწა; შეირყა, შეირყა ქვეყანა.
20 . მთვრალივით ბარბაცებს დედამიწა და ფიცრულივით ირყევა, დანაშაულმა დაამძიმა, დაეცემა და ვეღარ ადგება.
21 . იმ დღეს იქნება, რომ უფალი დასჯის ზეცის მხედრობას მაღლა და ქვეყნის მეფეებს დედამიწაზე.
22 . ერთად შეკრებენ მათ, როგორც ტუსაღებს დილეგში, საპყრობილეში გამოამწყვდევენ და მრავალი დღის შემდეგ დასჯიან.
23 . მთვარე გაწბილდება და მზე შერცხვება, რადგან ცაბაოთ უფალი იმეფებს სიონის მთაზე და იერუსალიმში, და თავის უხუცესთა წინაშე იქნება მისი დიდება.