ესაია თავი 19

1 . განაჩენი ეგვიპტისა: ნახეთ, უფალი ამხედრებულა სწრაფ ღრუბელზე, რათა მიქროლდეს ეგვიპტეში; ათრთოლდებიან ეგვიპტის კერპები მის წინაშე და დადნება ეგვიპტის გული მის წიაღში.

2 . "დაჩრდილავენ ეგვიპტელნი ეგვიპტელთ და შეებრძოლება თითოეული თავის ძმასა და მოყვასს, ქალაქი - ქალაქს, სამეფო - სამეფოს.

3 . სული დაელევა ეგვიპტეს მის წიაღში; წახდება მათი განზრახვა; დაეკითხებიან კერპებს, მომნუსხველებს, მესულთანეებს და ჯადოქრებს;

4 . სასტიკი ბატონის ხელში ჩავაგდებ ეგვიპტელთ და ძლიერი მეფე იქნება მათი ხელისუფალი”. - ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.

5 . ამოშრება წყალი ზღვიდან, დაიწრიტება მდინარე და დაშრება.

6 . ამყრალდებიან მდინარეები, დაწვრილდება და დაშრება ეგვიპტის ნაკადულები, გახმება ლერწამი და ლელი.

7 . მოშიშვლდება ნილოსის ნაპირები, სანაპირო და მთელი ნათესები გახმება, გადაიბუგება და აღარ იქნება.

8 . იგლოვებენ მეთევზენი, იდარდებენ მდინარეში ანკესის მსროლელნი, ივაგლახებენ წყლის ზედაპირზე ბადეების გამშლელნი.

9 . გაწბილდებიან სელის მჩეჩავნი და თეთრი ტილოს მქსოველნი.

10 . ეგვიპტის სვეტები დაიმსხვრევა და დაქირავებულ მუშებს სული დაუმწუხრდებათ.

11 . გამოსულელდნენ ცოყანის მთავარნი, ფარაონის ბრძენკაცთა რჩევა უგუნურებად იქცა! როგორღა ეტყვით ფარაონს: ბრძენთა ნაშიერი ვარო, ძე უძველესი მეფეებისა?

12 . მაშ, სად არიან შენი ბრძენნი? იქნებ გაგიგონ, რას უპირებს ცაბაოთ უფალი ეგვიპტეს?

13 . სულელურად მოიქცნენ ცოყანის მთავარნი, მოტყუებულნი არიან ნოფის მთავარნი; მათ აცდუნეს ეგვიპტე - ქვაკუთხედი თავიანთი კვერთხისა.

14 . უფალმა შეურია მაცდური სული მის წიაღში და აცდუნეს ეგვიპტე ყველა საქმეში; მთვრალივით გორაობს საკუთარ ნარწყევში.

15 . არც არა იქნება საქმე ეგვიპტეში, რომელსაც მისი თავი ან კუდი, ფინიკი ან ლელქაში გააკეთებს.

16 . ქალებს დაემსგავსებიან იმ დღეს ეგვიპტელნი; დაფრთხებიან და შეძრწუნდებიან ცაბაოთ უფლის ხელის გამო, მათ რომ მოუქნევს.

17 . თავზარდამცემი იქნება იუდას მიწა ეგვიპტისთვის; ყველას, ვისაც გაახსენდება, ააკანკალებს ცაბაოთ უფლის განაჩენი, რასაც გამოიტანს მასზე.

18 . იმ დღეს ეგვიპტის ქვეყანაში ხუთი ქალაქი ილაპარაკებს ქანაანის ენაზე და დაიფიცებს ცაბაოთ უფალს. ერთ-ერთს დამხობის ქალაქს უწოდებენ.

19 . იმ დღეს უფლის სამსხვერპლო იქნება ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში და უფლის სვეტი - მის საზღვართან.

20 . და იქნება ეს ნიშნად და ცაბაოთ უფლის მოწმობად ეგვიპტის ქვეყანაში, როდესაც შეჰღაღადებენ ისინი უფალს შემჭირვებელთა გამო, გამოუგზავნის მხსნელსა და ქომაგს, რომელიც გადაარჩენს მათ.

21 . გამოეცხადება უფალი ეგვიპტეს და შეიცნობენ უფალს იმ დღეს ეგვიპტელნი, მოიტანენ შესაწირსა და ძღვენს, აღთქმას დაუდებენ უფალს და შეუსრულებენ.

22 . დალახვრავს ეგვიპტეს უფალი, განსაკურნად მოიქცევიან უფლისკენ, შეისმენს მათ ვედრებას და განკურნავს.

23 . იმ დღეს ფართო გზა გაიჭრება ეგვიპტიდან აშურში და მოვლენ აშურელნი ეგვიპტეში და ეგვიპტელნი აშურში; ეგვიპტელნი აშურელებთან ერთად მოემსახურებიან უფალს.

24 . იმ დღეს ისრაელი მესამე მოკავშირე იქნება ეგვიპტისა და აშურისა; კურთხევად იქნებიან ისინი ქვეყნიერების შუაგულში.

25 . რადგან ასე აკურთხა ცაბაოთ უფალმა: "კურთხეულ იყოს ეგვიპტე - ჩემი ხალხი, აშური - ჩემი ხელით შექმნილი და ისრაელი - ჩემი სამკვიდრო”.