ესაია თავი 31

1 . ვაი ეგვიპტეში დახმარებისთვის ჩასულთ, ცხენებსა და ეტლებზე დაიმედებულთ, ვინაიდან მრავლადაა; და მხედრების მოიმედეთ, რადგან ფრიად ძლიერნი არიან; ისრაელის წმიდას კი არ მიაპყრეს მზერა და უფალი არ მოიძიეს.

2 . თუმცა, ბრძენია იგი და მოაწევს უბედურებას თავისი სიტყვისამებრ და არ გადაუხვევს. აღდგება ბოროტეულთა სახლზე და ბოროტმოქმედთა მხარდამჭერებზე.

3 . ადამიანები არიან ეგვიპტელები და არა ღმერთები, ხორცია მათი ცხენები და არა სული; გაიწვდის ხელს უფალი და წაბორძიკდება შემწეც და შეწევნულიც, ყველანი ერთად დაიღუპებიან.

4 . რადგან ასე მითხრა უფალმა: "როგორც ლომი ბრდღვინავს, ძლიერი ლომი, რომელიც მსხვერპლს ადგას თავზე და თუნდაც მთელი მწყემსობა შეჰყვიროდეს, არ ეშინია მათი ყვირილისა და მათი ხმაური არ აფრთხობს; ასე ჩამოვა ცაბაოთ უფალი საომრად სიონზე და მის სიმაღლეებზე.

5 . ჩიტივით დასტრიალებს ცაბაოთ უფალი იერუსალიმს დასაცავად - გამოიხსნის და დაიფარავს, დაინდობს და გადაარჩენს.

6 . მობრუნდით მისკენ, ძენო ისრაელისა, განდგომის გამრღმავებელნო.

7 . ვინაიდან იმ დღეს მოიშორებს თითოეული თავის ვერცხლისა და ოქროს კერპებს, რომლებიც ცოდვისთვის გაიკეთეთ თქვენი ხელით.

8 . არა კაცთა მახვილით დაეცემა აშური, არა ადამიანური მახვილი შთანთქავს მას; მახვილს გაექცევა, მაგრამ მისი ჭაბუკნი მონებად იქცევიან.

9 . შიში გაუქრობს საყრდენ კლდეს და ნიშანი შეაძრწუნებს მის მთავართ, ბრძანებს უფალი, რომლის ცეცხლიც სიონშია და ღუმელი - იერუსალიმში.