ესაია თავი 16

1 . კრავი გაუგზავნეთ ქვეყნის მთავარს, სელაყიდან უდაბნოს გავლით, სიონის ასულის მთაზე.

2 . ბუდემოშლილი, გზააბნეული ფრინველის მსგავსად იქნებიან მოაბის ასულნი არნონის ფონებზე.

3 . მოგვეცი რჩევა, აღასრულე სამართალი, მწუხრივით გადმოაფარე შენი ჩრდილი შუადღისას, შეიფარე განდევნილები, გაქცეულს ნუ გასცემ.

4 . შეიფარე განდევნილი მოაბელნი გამტიალებლის სახისგან, სანამ არ გაქრება მწვალებელი, სანამ არ შეწყდება ძარცვა და არ მოისპობა ქვეყნიდან მჩაგვრელი.

5 . წყალობით განმტკიცდება ტახტი და ჭეშმარიტებით დაჯდება მასზე დავითის კარვის მსაჯული; სამართალს მოიძიებს და სიმართლეს აღასრულებს.

6 . გაგონილი გვაქვს მოაბის ამპარტავნება, მეტისმეტი სიამაყე, მისი ქედმაღლობა და მედიდური წყრომა - ფუჭია მისი ტრაბახი.

7 . ამიტომ იგლოვებს მოაბი, ყველანი იგლოვებენ მოაბში. კირ-ხერესის საძირკვლებზე იკვნესებენ სასოწარკვეთილნი, რადგან შეიმუსრნენ.

8 . ვინაიდან გადაჭკნა ხეშბონის მინდვრები, სიბმას ვენახები, ხალხთა ბატონებმა გათელეს მისი რჩეული ვაზები, იაყზერს რომ სწვდებოდა, უდაბნოში რომ იშლებოდა, იფურჩქნებოდა და ზღვაზე რომ გადადიოდა.

9 . ამიტომ მწარედ მოვთქვამ იაყზერზე, სიბმას ვაზზე; ჩემი ცრემლებით მოვრწყავ ხეშბონს და ელყალეს, რადგან შეწყდა მოძახილი შენი ზაფხულის ნაყოფსა და მოსავალზე.

10 . წართმეული აქვს მხიარულება და სიხარული ნაყოფიერ მინდვრებს, აღარ იქნება ვენახებში სიმღერა და მხიარული მოძახილი, აღარ დაწურავს საწნახელში ღვინოს დამწურველი, შეწყდა ჟრიამული.

11 . ამიტომაც ქნარივით კვნესის ჩემი გული მოაბზე და ჩემი შინაგანი - კირ-ხერესზე.

12 . და იქნება: როცა წარსდგება მოაბი, რადგან მოიქანცება თავის მაღლობებზე და შევა თავის საწმიდარში სალოცად, ეს ვეღარ უშველის.

13 . ეს არის სიტყვა, რომელიც იმ დროს თქვა უფალმა მოაბზე.

14 . ახლა ასე ლაპარაკობს უფალი და ამბობს: "სამი წლის შემდეგ, ქირავნობის წლების მიხედვით, დამცირდება მოაბის დიდება და მისი ხალხის დიდი სიმრავლე; ფრიად მცირე და უძლური იქნება მისი ნატამალი”.