ესაია თავი 35

1 . გაიხარებს უდაბნო და ურწყული მიწა, გამხიარულდება ყარაბა და მთის შროშანივით გაიფურჩქნება.

2 . გაიფურჩქნება, აყვავდება და ილხენს მხიარულებითა და სიმღერით; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელისა და შარონის ბრწყინვალება; უფლის დიდებას იხილავენ ისინი, ჩვენი ღმერთის ბრწყინვალებას.

3 . გაიმაგრეთ მოდუნებული ხელები და განიმტკიცეთ აკანკალებული მუხლები.

4 . უთხარით სულსწრაფებს: "გამაგრდით, ნუ შეშინდებით, აჰა, თქვენი ღმერთი. მოვა შურისგება, ღვთის საზღაური, მოვა და გიხსნით”.

5 . ბრმებს თვალები აეხილებათ და დაყრუებულთ ყურები გაეხსნებათ.

6 . ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება, რადგან უდაბნოში წყალი ამოხეთქავს და ტრამალზე - ნაკადულები.

7 . ტბად იქცევა ხრიოკი, წყლის ნაკადულებად - მოწყურებული მიწები, ტურების ბუნაგი ლერწმითა და ლელქაშით დაიფარება.

8 . და იქნება იქ გაკვალული ბილიკი, რომელსაც სიწმიდის გზას დაარქმევენ, უწმიდური ვერ გაივლის მასზე, დაკვალიანებულთათვის იქნება იგი და მასზე მავალი უგუნურნიც კი არ აიბნევიან.

9 . ვერ მოხვდება ზედ ლომი და მტაცებელი ცხოველი ვერ აღმოჩნდება; გამოსყიდულნი ივლიან მასზე.

10 . დაბრუნდებიან უფლის გამოსყიდულნი და სიმღერით მივლენ სიონში. ყიჟინა და საუკუნო მხიარულება იქნება მათში, ლხინი და სიხარული ეწევათ და დარდი და ოხვრა განშორდებათ.