1 . ასე ამბობს უფალი: "შეინახეთ სამართალი და ქმენით სიმართლე, რადგან მალე მოვა ჩემი ხსნა და ჩემი სიმართლე გამოჩნდება.
2 . ნეტარია ის კაცი, ასე რომ იქცევა და ადამის ძე, ვინც ამას ეჭიდება, შეუბღალავად რომ იცავს შაბათს და ყოველგვარი ბოროტებისგან რომ აკავებს თავის ხელს”.
3 . დაე, ნუ იტყვის უცხოტომელის ძე, რომელიც შეუერთდა უფალს: "უსათუოდ მომწყვეტს უფალი თავის ხალხსო!” და ნუ იტყვის საჭურისი: "აჰა, გამხმარი ხე ვარო!”
4 . რადგან ასე ამბობს უფალი: "საჭურისები, რომლებიც ჩემს შაბათებს იცავენ, ჩემთვის საწადელს ირჩევენ და ჩემს აღთქმას ეჭიდებიან;
5 . მივცემ მათ ჩემს სახლში და ჩემს კედლებში სახსენებელს და სახელს, ჩემს ძეებზე და ასულებზე უკეთესს; მარადიულ სახელს მივცემ მათ, რომელიც არ წაიშლება.
6 . უცხოტომელთა ძეებსაც, უფალს რომ შეუერთდნენ, რათა ემსახურონ მას, უყვარდეთ უფლის სახელი და იყვნენ მისი მსახურნი; ყველას, ვინც შეუბღალავად ინახავს შაბათს და მტკიცედ ეჭიდება ჩემს აღთქმას,
7 . ჩემს წმიდა მთაზე მივიყვან და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ; სასურველი იქნება მათი სრულადდასაწველები და მსხვერპლები ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემს სახლს სამლოცველო სახლი დაერქმევა ყველა ხალხისათვის”.
8 . ასე ამბობს უფალი, ღმერთი, გაფანტული ისრაელიანების შემკრები: სხვებსაც შევკრებ და მივუმატებ უკვე შეკრებილთ.
9 . მინდვრის ყველა ცხოველო და ტყის ყველა მხეცო, მოდით და ჭამეთ!
10 . მისი გუშაგნი ბრმები არიან, უმეცრები არიან ყველანი; მუნჯი ძაღლები არიან, არ შეუძლიათ ყეფა, მწოლიარე მესიზმრენი, თვლემის მოყვარულნი.
11 . ხარბი ძაღლები არიან, გაუმაძღარნი; მწყემსები არიან, მაგრამ გონიერება არა აქვთ. ყველამ თავ-თავის გზაზე გადაუხვია, უკლებლივ ყველამ - თავისი უმართლო ანგარებისკენ.
12 . ამბობენ "მოდით, ავიღოთ ღვინო და დავთვრეთ მაგარი სასმელით, ხვალინდელი დღე კი დღევანდელივით იქნება, და უფრო უკეთესიც!”