ესაია თავი 18

1 . ვაი ფრთიანი გემების ქვეყანას, ქუშის მდინარეთა გაღმა.

2 . ზღვით რომ აგზავნის ელჩებს, წყალზე მოცურავე ლერწმის ნავებით; წადით, მკვირცხლო მოციქულნო, მაღალ და პირტიტველ ერთან, ძველთაგან დღემდე საშიშარ ხალხთან, ძლევამოსილ და დამთრგუნველ ერთან, რომლის ქვეყანასაც მდინარეები სერავენ.

3 . ქვეყნიერების ყველა მცხოვრებნო და მიწის ბინადარნო, როცა ნიშანი აღიმართება მთებზე - დაინახეთ; როცა საყვირი ახმიანდება - ყურად იღეთ.

4 . რადგან ასე მითხრა უფალმა: "მშვიდად გადმოვიხედავ ჩემი სამკვიდროდან, როგორც შუადღის ხვატის სინათლე და როგორც ნამის ღრუბელი მკის პაპანაქებაში”.

5 . რადგან რთველის წინ, როცა ყველაფერი აყვავდება და ყვავილი მომწიფებულ ნაყოფად იქცევა, დანით აკაფავს იგი ყლორტებს და გაშვერილ ლერწებს მოაშორებს.

6 . ყველაფერი მთის მტაცებელ ფრინველებსა და მიწის ველურ მხეცებს დარჩებათ; დაიზაფხულებენ მასზე მტაცებელი ფრინველები და მიწის ყველა მხეცი იქ გამოიზამთრებს.

7 . იმ დღეს ძღვენს მიუტანენ ცაბაოთ უფალს მაღალი და პირტიტველი ხალხისგან, ძველთაგან დღემდე საშიშარი ხალხისგან, ძლევამოსილი და დამთრგუნველი ერისგან, რომლის ქვეყანასაც მდინარენი სერავენ - ცაბაოთ უფლის ადგილზე, სიონის მთაზე.