1 . იმ დღეს დასჯის უფალი თავისი უმოწყალო, დიადი და მძიმე მახვილით ლევიათანს, გაქცეულ გველს; ლევიათანს, დაკლაკნილ გველს და მოკლავს ზღვის ურჩხულს.
2 . იმღერეთ იმ დღეს მასზე - საყვარელ ვაზზე:
3 . "მე, უფალი, ვფხიზლობ მასზე ყოველ წამს, ვარწყულებ, რომ არ დაზიანდეს, ღამით და დღისით ვდარაჯობ.
4 . რისხვა არაა ჩემში! მაგრამ თუ ვინმე ნარსა და ეკალს დამიგებს ბრძოლაში, გავილაშქრებ და ერთიანად გადავბუგავ!
5 . თუ არა და ჩაეჭიდოს ჩემს დაცვას, მშვიდობა ქმნას ჩემთან, დიახ, მშვიდობა ქმნას ჩემთან!”
6 . და იქნება, ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიფურჩქნება და გაიკვირტება ისრაელი და მთელი მსოფლიო აივსება ნაყოფით.
7 . განა ისე სცემდა მას, როგორც მის მცემელთ სცემდა? განა ისე ჰკლავდა, როგორც მისი მკვლელნი დახოცა?
8 . მთელი სისავსით სჯიდა მას, როცა უარყოფდა, გადახვეწა თავისი ძლიერი ქროლვით, როგორც აღმოსავლეთის ქარიან დღეს.
9 . ამიტომ ამით მიეტევება იაკობს დანაშაული და ასეთია სრული საფასური ცოდვათაგან განრიდებისა, როცა კირივით დაფშვნეტს სამსხვერპლოს ყველა ქვას და მეტად აღარ იდგებიან აშერები და მზის სვეტები.
10 . ვინაიდან დაცარიელდა გამაგრებული ქალაქი, მიტოვებულია საცხოვრებლები, უდაბნოსავით მიგდებული. ხბო იბალახებს იქ, წამოწვება და მისი რტოებით გამოიკვებება.
11 . გახმება მისი რტოები და დაამტვრევენ. მოვლენ დედაკაცები და დასწვავენ, რადგან გონიერი ხალხი არ არიან ისინი. ამიტომაც არ შეიბრალებს შემოქმედი და გამჩენი არ შეიწყალებს.
12 . და იქნება იმ დღეს: ჩამობერტყავს უფალი თავის ნაყოფს მდინარის შესართავიდან ეგვიპტის ნაკადულამდე და სათითაოდ აიკრიფებით, ისრაელის ძენო.
13 . და იქნება იმ დღეს: ჩაბერავენ დიდ საყვირს და მოვლენ აშურის ქვეყანაში გადაკარგულნი და ეგვიპტის ქვეყანაში გაძევებულნი და თაყვანს სცემენ უფალს წმიდა მთაზე, იერუსალიმში.