1 . ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი,
2 . გულითადად ელაპარაკეთ იერუსალიმს და აუწყეთ, რომ დასრულდა მისი ბრძოლა, რადგან ეპატია დანაშაული და ორმაგად მიეზღო უფლის ხელით ყველა მისი ცოდვის წილ.
3 . ისმინეთ! ხმა მღაღადებლისა: "გაუმზადეთ უფალს ბილიკი, მოასწორეთ გზა უდაბნოში ჩვენი ღმერთისთვის.
4 . ამოივსოს ყოველი ხევი, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდეს, ფერდობები გავაკდნენ და მთაგრეხილები გასწორდნენ.
5 . გამოცხადდება უფლის დიდება და ერთად იხილავს ყოველი ხორციელი, რადგან უფლის ბაგემ წარმოთქვა.
6 . ხმა ამბობს: თქვი! მიუგებს: რა ვთქვა? ყველა ხორციელი ბალახივითაა და მისი ყოველი მშვენება - მინდვრის ყვავილივით.
7 . ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება უფლის სუნთქვის მონაბერზე; ნამდვილად ბალახია ხალხი.
8 . ხმება ბალახი და ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას”.
9 . მაღალ მთაზე ადი, მახარებელო სიონო! ძლიერად აიმაღლე ხმა, მახარებელო იერუსალიმო! აიმაღლე და ნუ გეშინია, უთხარი იუდას ქალაქებს: "აჰა, თქვენი ღმერთი!”
10 . აჰა, ძლიერებით მოვა უფალი ღმერთი და იხელმწიფებს მისი მკლავი; აჰა, მასთანაა მისი საზღაური და მისი გასამრჯელო მის წინაშეა.
11 . მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს მათ, წინ გაუძღვება მეძუძურთ.
12 . მუჭით ვინ არწყა წყალი და მტკაველით ვინ გადაზომა ცანი? ვინ დათვალა მიწის მტვერი, ვინ აწონა მთები სასწორზე და მაღლობები - პინებით?
13 . ვინ მომართა უფლის სული? ვინ განასწავლა იგი თავისი რჩევით?
14 . ვისთან თათბირობდა, ვინ მისცა გონიერება? ვინ ასწავლა სამართლის ბილიკი და ვინ ჩააგონა გზა ცოდნისა და გონიერებისა?
15 . აჰა, ჭურჭლის ერთი წვეთივით არიან ერები და მტვერივით სასწორის პინებზე; აჰა, ფხვნილივით პირწმინდად აღგვის კუნძულებს.
16 . ლიბანი არ ეყოფა ცეცხლისთვის და მისი მხეცები სრულადდასაწველად.
17 . ყველა ერი არარაობაა მის წინაშე, წარმავალია და სიცარიელედ ითვლება მის თვალში.
18 . ვის მიამსგავსებთ ღმერთს? რას შეადარებთ მას?
19 . ხელოსანი კერპს ჩამოასხამს, ოქრომჭედელი ოქროთი მოჭედავს, ვერცხლის ოსტატი კი ვერცხლის ჯაჭვებს შეაბამს.
20 . ვინც ასეთ შესაწირს ვერ შესწვდება, ულპობ ხეს ირჩევს, გამოცდილ ხელოსანს მოიძიებს, რომ არ მოირყეს კერპი.
21 . განა არ იცით? განა არ გსმენიათ? განა არ გეუწყათ დასაბამიდან? განა არ გაგიგიათ ქვეყნის დაფუძნებიდან?
22 . ეს ის არის, ვინც დედამიწის წრეზე ზის და მისი მკვიდრნი კალიასავით არიან მის წინაშე; მან გადაჭიმა ცა ფარდასავით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად.
23 . გააქრობს მთავრებს და არარაობად აქცევს ქვეყნის მსაჯულთ.
24 . დარგულნი და დათესილნიც არ იყვნენ, ფესვიც არ გაედგათ, მხოლოდ შეუბერა, გახმნენ და ჩალასავით გახვეტა ისინი ქარიშხალმა.
25 . "და ვის მიმამსგავსებთ, რომ გავეტოლო?” - ამბობს წმიდა.
26 . მაღლა აღაპყარით თვალნი და შეხედეთ: ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ლაშქარი, ყველას თავ-თავის სახელს უწოდებს, არავინ დააკლდება მისი ძალის ძლიერების გამო.
27 . რატომ ამბობ, იაკობ, რად ლაპარაკობ, ისრაელ, დაფარულიაო ჩემი გზა უფლისგან და შეუმჩნევლად ჩაივლისო ჩემი სამართალი ღმერთთან.
28 . განა არ იცი, განა არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების დამფუძნებელი, არც იღლება და არც იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება.
29 . დაქანცულს ძალას აძლევს და უძლურს ძლიერებას ჰმატებს.
30 . უძლურდებიან ყმაწვილნი და იქანცებიან ჭაბუკნი, ირყევიან და ბორძიკდებიან.
31 . უფლის მომლოდინენი კი ძალას განიახლებენ, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან.