ესაია თავი 13

1 . განაჩენი ბაბილონისა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ:

2 . ციცაბო მთაზე აამაღლეთ ნიშანი, ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ, რომ შემოვიდნენ წარჩინებულთა ჭიშკრებით.

3 . მე ვუბრძანე ჩემთვის განკუთვნილთ, მოვუხმე კიდეც ჩემს მამაცთ, ჩემი სიდიადით მოზეიმეთ, ჩემი რისხვის აღსასრულებლად.

4 . ჩოჩქოლის ხმაა მთებში, თითქოს მრავალრიცხოვანი ხალხისგან, ერთად შეკრებილ სამეფოთა ერების ხმაური; ცაბაოთ უფალი საბრძოლო ლაშქარს ათვალიერებს.

5 . შორი ქვეყნიდან მოდიან ისინი, ცის კიდეებიდან, უფალი და ჭურჭელი მისი მრისხანებისა - მთელი ქვეყნის გასანადგურებლად.

6 . იტირეთ, რადგან ახლოსაა უფლის დღე; მოვა, როგორც განადგურება ყოვლისშემძლისგან.

7 . ამიტომაც მოდუნდება ყველა მკლავი და ყველა ადამიანის გული შედრკება.

8 . შეძრწუნდებიან, ტკივილები და ტანჯვა შეიპყრობთ მშობიარესავით, გაოგნებულნი მიუტრიალდებიან ერთიმეორეს, ცეცხლის ალივით აენთებათ სახეები.

9 . აჰა, მოდის უფლის დღე, სასტიკი მძვინვარებისა და მგზნებარე რისხვისა, რათა უდაბნოდ აქციოს ქვეყანა და ცოდვილნი წარხოცოს მისგან.

10 . რადგან ცის ვარსკვლავნი და თანავარსკვლავედნი აღარ გამოაბრწყინებენ თავიანთ სინათლეს, წყვდიადი იქნება მზის ამოსვლისას, მთვარე აღარ მოაფენს თავის სინათლეს.

11 . მოვინახულებ ქვეყნიერებას ბოროტების გამო და ბოროტეულთ - მათი უმართლობის გამო; ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა სიამაყეს და მტარვალთა ქედმაღლობას დავამცირებ.

12 . კაცს ბაჯაღლოზე ძვირფასად ვაქცევ და ადამიანს - ოფირის ოქროზე.

13 . ამის გამო ცა ათრთოლდება და დედამიწა შეირყევა თავისი ადგილიდან ცაბაოთ უფლის წყრომის გამო, მისი მძვინვარე რისხვის დღეს.

14 . თითოეული დევნილი ქურციკივით იქნება და შემგროვებლის გარეშე დარჩენილი დაფანტული ცხვარივით; თავ-თავიანთ ხალხებს მიუბრუნდებიან და ყველა თავის ქვეყანაში გაიქცევა.

15 . ვისაც იპოვიან - განიგმირება, ვისაც დაიჭერენ - მახვილისგან დაეცემა.

16 . მათი შვილები მათივე თვალწინ აიკუწებიან, მათი სახლები გაიძარცვება, ცოლებს პატივს აჰყრიან.

17 . აჰა, აღვძრავ მათზე მიდიელთ, რომლებიც ვერცხლს არად აგდებენ და ოქრო არ ეამებათ.

18 . მათი მშვილდები ყმაწვილებს გააპობენ; მუცლის ნაყოფსაც არ შეიბრალებენ და ბავშვებს არ დაზოგავს მათი თვალი.

19 . და იქნება ბაბილონი, სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა სიამაყის შარავანდედი - ღვთის მიერ დამხობილი სოდომსა და გომორასავით.

20 . აღარასოდეს აშენდება იგი და აღარ იცხოვრებენ მასში თაობიდან თაობამდე; არც არაბი გაიშლის იქ კარავს და აღარც მწყემსები წამოაწვენენ იქ თავის ფარას.

21 . წამოწვებიან იქ უდაბნოს ნადირნი, მათი სახლები ჭოტებით გაივსება, სირაქლემები დასახლდებიან და ველური თხები იხტუნებენ იქ.

22 . აფთარნი იღმუვლებენ დაქცეულ სასახლეებში და ტურები დაიწყებენ კივილს საზეიმო დარბაზებში; მალე დადგება მისი ჟამი და მისი დღეები არ გაგრძელდება.