ესაია თავი 34

1 . ახლოს მოდით, ერებო, რომ მოისმინოთ და, ტომებო, რომ გაიგონოთ! მოისმინოს ქვეყანამ და მისმა სისავსემ, ქვეყნიერებამ და ყოველმა აღმონაცენმა მისმა.

2 . რადგან რისხვა უფლისა ყველა ერზეა და გულისწყრომა მთელ მათ ლაშქარზე. მან მოსპო და სასაკლაოს გადასცა ისინი.

3 . მათი დახოცილნი გადაიყრებიან, მათი მძორები აყროლდებიან; მთები გაიჟღინთება მათი სისხლით.

4 . ცის მთელი მხედრობა დალპება, ცა გრაგნილივით დაიგრაგნება, გახმება და ჩამოცვივა მთელი მისი მხედრობა, როგორც ფოთოლი ხმება და ცვივა ვაზიდან ან ლეღვის ხიდან.

5 . რადგან გაძღება ჩემი მახვილი ცაში და აჰა, ედომის განსაკითხად დაეშვება იგი, ჩემს მიერ მსჯავრდადებულ ხალხზე.

6 . სისხლითაა გამძღარი უფლის მახვილი, გაპოხილია ქონით, კრავთა და ვაცთა სისხლით, ვერძების თირკმელთა ქონით, რადგან მსხვერპლთშეწირვა აქვს უფალს ბოცრაში და დიდი ხოცვა ედომის ქვეყანაში.

7 . ველური ხარებივითა და მოზვრებივით დაეცემიან მათი ძლიერნი; მიწა სისხლით გაიჟღინთება, ქონით გაიპოხება მისი მტვერი.

8 . რადგან შურისგების დღე აქვს უფალს, სამაგიეროს მიგების წელი სიონის სარჩელის გამო.

9 . მისი ნაკადები კუპრად იქცევა და მისი მტვერი - გოგირდად; მისი მიწა მოგიზგიზე კუპრი გახდება.

10 . არ ჩაქრება არც დღე, არც ღამე, უკუნისამდე აედინება კვამლი, თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება და უკუნისამდე არავინ გაივლის იქ.

11 . ვარხვი და ზღარბი დაიმკვიდრებენ მას, ბუ და ყორანი დაიბუდებენ მასში; გავერანების ლარს გადაჭიმავს მასზე და აოხრების შვეულს.

12 . ღირსეულთაგან აღარავინ ეყოლებათ იქ, რომ მეფედ გამოაცხადონ; ყველა მისი მთავარი არარაობა იქნება.

13 . მის დარბაზებში ეკალი ამოვა, ჭინჭარი და ნარშავა - მის ციხე-სიმაგრეებში; ტურების სავანედ იქცევა და სირაქლემათა სამკვიდროდ.

14 . იქ შეხვდებიან უდაბნოს მხეცები ტურებს, ჭინკები ერთმანეთს გასძახებენ. იქ დაბინავდება ლილიტი, ღამის დემონი და ჰპოვებს სიმშვიდეს.

15 . იქ დაიბუდებს ხის გველი, დადებს კვერცხებს, გამოჩეკავს და თავის ჩრდილში მოუყრის თავს. აქ შეიყრებიან ძერები წყვილ-წყვილად.

16 . მოძებნეთ უფლის წიგნში და წაიკითხეთ: არცერთი მათგანი არ დააკლდება, მდედრს მამალი არ მოაკლდება, რადგან მისმა ბაგეებმა ბრძანეს და მისმა სულმა მოუყარა თავი.

17 . მან უყარა მათ წილი და მისმა ხელმა დაუდგინა საზღვარი; საუკუნოდ დაიმკვიდრებენ მას, თაობიდან თაობამდე დამკვიდრდებიან მასში.