ესაია თავი 36

1 . და იყო, მეფე ხიზკიაჰუს მეთოთხმეტე წელს, გამოვიდა აშურის მეფე სანხერიბი იუდას ყველა გამაგრებული ქალაქის წინააღმდეგ და ხელში ჩაიგდო ისინი.

2 . გაგზავნა აშურის მეფემ რაბშაკე ლაქიშიდან იერუსალიმში მეფე ხიზკიაჰუსთან დიდი ლაშქრით. და გაჩერდა იგი ზემო აუზის არხთან, მრეცხავთა მინდვრის გზაზე.

3 . და გამოვიდნენ მასთან სასახლის მმართველი ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე,

4 . უთხრა მათ რაბშაკემ: "ახლა უთხარით ხიზკიაჰუს, ასე ამბობს-თქო დიდი მეფე, აშურის მეფე: რისი იმედი გაქვს, ასე მშვიდად რომ ხარ?

5 . გეუბნები: შენი თათბირი და ომში სითამამე ფუჭი სიტყვებია მხოლოდ. ახლა ვისი იმედი გაქვს, რომ მეწინააღმდეგები?

6 . აჰა, ეგვიპტეს - გადატეხილ ლერწამს - ეყრდნობი, რომელსაც თუ კაცი დაეყრდნო, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს; ასეა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველა მასზე დაიმედებულისთვის.

7 . და თუ იმას მეტყვი - უფლის, ჩვენი ღმერთის იმედი გვაქვსო! - ეს ის ღმერთი ხომ არ არის, მაღლობებისა და სამსხვერპლოების მოშორების შემდგომ რომ უთხრა ხიზკიაჰუმ იუდასა და იერუსალიმს - მხოლოდ ამ სამსხვერპლოს წინაშე ეცითო თაყვანი!

8 . ახლა, აბა, შეედარე ჩემს ბატონს, აშურის მეფეს; ორი ათას ცხენს მოგცემ, თუ შესხამ მათზე მხედრებს?

9 . მაშ როგორღა უკუაქცევ თუნდაც ერთს ჩემი ბატონის უმცირეს მსახურთაგან, როცა თავად ეგვიპტის ეტლებისა და მხედრების იმედად ხარ?

10 . თანაც, განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ქვეყანას გასანადგურებლად? უფალმა მითხრა: გამოდი მაგ ქვეყნის წინააღმდეგ და გაანადგურეო”.

11 . უთხრეს ელიაკიმმა, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: "არამეულ ენაზე ელაპარაკე შენს მსახურებს, რადგან გვესმის; იუდაურად ნუ დაგველაპარაკები ამ ხალხის გასაგონად, გალავანზე რომ არიან”.

12 . უთხრა მათ რაბშაკემ: "მარტო შენს ბატონთან და შენთან სალაპარაკოდ როდი გამომაგზავნა ჩემმა ბატონმა, არამედ მაგ ხალხთანაც, გალავანზე რომ ჩამომჯდარა, რათა თქვენთან ერთად ჭამოს თავისი განავალი და სვას თავისი შარდი”.

13 . წამოდგა რაბშაკე, ხმამაღლა დაიყვირა იუდაურად და თქვა: "ისმინეთ სიტყვები დიდი მეფისა, აშურის მეფისა!

14 . ასე ბრძანა მეფემ: არ შეგაცდინოთ ხიზკიაჰუმ, რადგან ვერ გიხსნით იგი!

15 . ნუ დაგაიმედებთ ხიზკიაჰუ უფლით, რომ გეუბნებათ: უსათუოდ გვიხსნის უფალი, არ დაეცემა ეს ქალაქი აშურის მეფის ხელითო!

16 . ნუ მოუსმენთ ხიზკიაჰუს, რადგან ასე ბრძანა აშურის მეფემ: დამნებდით და გამოდით ჩემთან; ჭამოს თითოეულმა თავისი ყურძენი და თავისი ლეღვი, სვას თითოეულმა თავისი ჭის წყალი,

17 . სანამ მოვსულვარ და წამიყვანიხართ თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში, ხორბლისა და მაჭრის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში.

18 . არ მოგატყუოთ ხიზკიაჰუმ, რომ ამბობს: უფალი გვიხსნისო! რომელი ხალხის ღმერთებმა იხსნეს თავიანთი ქვეყნები აშურის მეფის ხელიდან?

19 . სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის ღმერთები? თუ იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან?

20 . ამ ქვეყნების ღმერთებს შორის რომელმა იხსნა თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?”

21 . დუმდა ხალხი, სიტყვაც არ უთქვამთ, რადგან მეფეს ჰქონდა ნაბრძანები, არ უპასუხოთო.

22 . შემოხეული სამოსელით მივიდნენ ხიზკიაჰუსთან ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, სასახლის მმართველი, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე და გადასცეს რაბშაკეს სიტყვები.