1 . როდესაც სოლომონმა ლოცვა დაასრულა, ცეცხლი ჩამოვიდა ზეციდან, შთანთქა სრულადდასაწველი და მსხვერპლები და უფლის დიდებამ აავსო სახლი.
2 . და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა უფლის სახლში შესვლა, რადგან უფლის დიდებამ აავსო იგი.
3 . როცა დაინახეს ისრაელის ძეებმა სახლზე გადმოსული ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაემხნენ ქვაფენილზე და თაყვანისცეს. და აქებდნენ უფალს, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
4 . მეფემ და მასთან ერთად მთელმა ხალხმა შესწირეს მსხვერპლები უფლის წინაშე.
5 . მეფე სოლომონმა ოცდაორი ათასი ხარი და ას ოცი ათასი ცხვარი შესწირა მსხვერპლად. და აკურთხეს ღვთის სახლი მეფემ და მთელმა ერმა.
6 . მღვდლები თავ-თავიანთ სამსახურებ ადგილებზე იდგნენ, ლევიანები კი მეფე დავითის გაკეთებული, საუფლო საკრავებით აქებდნენ უფალს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი, ისევე, როგორც დავითი აქებდა მათი მეშვეობით; მღვდლებმა საყვირებს ჩაჰბერეს მათ წინაშე და ფეხზე იდგა მთელი ისრაელი.
7 . შუა ეზოც გაწმიდა სოლომონმა უფლის სახლის წინ, რადგან იქ შესწირა სრულადდასაწველნი და სამშვიდობო შესაწირის ქონი, ვინაიდან ვეღარ დაიტია სოლომონის გაკეთებულმა სპილენძის სამსხვერპლომ სრულადდასაწველნი, პურეული ძღვენი და ქონი.
8 . შვიდდღიანი დღესასწაული გამართა სოლომონმა იმ დროს და მასთან ერთად, მთელი ისრაელის დიდმა კრებულმა, ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის მდინარემდე;
9 . მერვე დღეს საზეიმო თავშეყრა გამართეს, რადგან შვიდ დღეს ასრულებდნენ სამსხვერპლოს საზეიმო მიძღვნას და შვიდ დღეს - დღესასწაულს.
10 . მეშვიდე თვის ოცდამესამე დღეს თავ-თავის კარვებში გაუშვა ხალხი, ბედნიერნი და გულმხიარულნი იმ სიკეთის გამო, უფალმა რომ უყო დავითს, სოლომონს და ისრაელს, თავის ხალხს.
11 . დაასრულა სოლომონმა უფლის სახლი და მეფის სასახლე; და ყველაფერი, რისი გაკეთებაც გულში ჰქონდა ჩადებული უფლის სახლისთვის და თავისი სახლისთვის, წარმატებით დააგვირგვინა.
12 . ღამით უფალი გამოეცხადა სოლომონს და უთხრა: „შევისმინე შენი ლოცვა და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირ სახლად.
13 . თუ დავახშობ ცას, რომ აღარ იწვიმოს ან კალიას ვუბრძანებ ქვეყნის გადაჭმას, ან შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ხალხს;
14 . და ჩემი ხალხი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ჩემს სახეს მოძებნის და შემობრუნდება თავისი ბოროტი გზიდან - მაშინ მოვუსმენ ზეციდან, ცოდვას მივუტევებ და განვკურნავ მათ მიწას.
15 . თვალი გახელილი მექნება და ყურადღებით მოვუსმენ ამ ადგილზე აღვლენილ ლოცვას.
16 . ახლა ავირჩიე და გავწმიდე ეს სახლი ჩემი სახელის სამარადისო სამკვიდრებლად; გამუდმებით აქ იქნება ჩემი თვალი და გული.
17 . თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა და ყველაფერს შეასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესს და სამართალს,
18 . მაშინ განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს, როგორც დავითს, მამაშენს აღვუთქვი. ვუთხარი: არ დაგელევა-მეთქი კაცი, რომელიც იმეფებს ისრაელზე.
19 . მაგრამ თუ ზურგს შემაქცევთ და მიატოვებთ ჩემს წესებსა და ბრძანებებს, მე რომ მოგეცით, წახვალთ და მსახურებას დაუწყებთ უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ,
20 . მაშინ აღმოვფხვრი მათ ჩემი მიწიდან, მათთვის რომ მაქვს მიცემული; და ამ სახლს, რომელიც ჩემი სახელისათვის განვწმინდე, მოვიშორებ ჩემი სახიდან და საიგავოდ და საქილიკოდ გავხდი ხალხთა შორის.
21 . და ყველა, ვინც კი ჩაუვლის ამ სახლს, ერთდროს დიდებით მოსილს, გაოცდება და იკითხავს: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ ხალხს?
22 . იტყვიან: რადგან მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და შეეთვისნენ უცხო ღმერთებს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ მათ, ამის გამო მოუვლინა მათ უფალმა ყველა ეს ბოროტება!”