2ნეშტთა თავი 13

1 . იერობყამის მეფობის მეთვრამეტე წელს აბია გამეფდა იუდაზე. 2 სამ წელიწადს მეფობდა იგი იერუსალიმში; დედამისი იყო მიქაიაჰუ, გიბყელი ურიელის ასული. ბრძოლა იყო აბიასა და იერობყამს შორის.

2 . სამ წელიწადს მეფობდა იგი იერუსალიმში; დედამისი იყო მიქაიაჰუ, გიბყელი ურიელის ასული. ბრძოლა იყო აბიასა და იერობყამს შორის.

3 . აბიამ ბრძოლაში მამაც მეომართაგან, ოთხასი ათასი რჩეული ვაჟკაცი განალაგა; იერობყამი კი მის წინააღმდეგ საბრძოლველად რვაასი ათასი რჩეული და მამაცი ვაჟკაცით გამოვიდა.

4 . დადგა აბია ცემარაიმის მთაზე, ეფრემის მაღლობებზე რომ არის, და თქვა: „ისმინეთ ჩემი, იერობყამ და მთელო ისრაელო!

5 . განა არ იცით, რომ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, დავითსა და მის ძეებს მარილის აღთქმით მისცა ისრაელზე მეფობა საუკუნოდ?

6 . მაგრამ აღდგა იერობყამ ნაბატის ძე, სოლომონის, დავითის ძის მსახური და აჯანყდა თავისი ბატონის წინააღმდეგ.

7 . შემოიკრიბნენ მის ირგვლივ უღირსი, უგვანო ხალხი და გამაგრდნენ რეხაბყამ სოლომონის ძის წინააღმდეგ. ჯერ კიდევ ყმაწვილი და გაუბედავი იყო რეხაბყამი, ამიტომ ვერ დადგა მათ წინააღმდეგ.

8 . ახლა უფლის სამეფოს წინააღმდეგ გამოსვლა განიზრახეთ, რომელიც დავითის ძეთა ხელშია. თქვენ ბევრნი ხართ და თქვენთან არის ოქროს ხბორები, რომლებიც იერობყამმა ღმერთებად დაგიდგინათ.

9 . განა თქვენ არ გამოაძევეთ უფლის მღვდლები - აჰარონის ძენი და ლევიანები და სხვა ქვეყნების მსგავსად არ გაიჩინეთ მღვდლები? და ყველა, ვინც თავისი თავის საკურთხებლად მოდის მოზვრითა და შვიდი ვერძით, ცრუ ღმერთების მღვდელი ხდება.

10 . ჩვენ კი უფალი, ჩვენი ღმერთი გვყავს და არ მიგვიტოვებია. მღვდლებად მხოლოდ აჰარონის ძენი ემსახურებიან უფალს და ლევიანები მათ სამსახურში დგანან.

11 . ყოველ დილა-საღამოს უფლისთვის სრულადდასაწველს აღავლენენ, კეთილსურნელებას აკმევენ, საწინაშეო პურს სუფთა მაგიდაზე აწყობენ, ოქროს სასანთლეზე ლამპრებს ანთებენ ყოველ საღამოს გასანათებლად, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის ბრძანებას ვასრულებთ, თქვენ კი მიატოვეთ იგი.

12 . ახლა, აჰა, ღმერთი და მისი მღვდლები გვიდგანან სათავეში, მქუხარე საყვირებით თქვენს წინააღმდეგ დასაჭექებლად! ისრაელის ძენო, ნუ შეებრძოლებით უფალს, თქვენი მამების ღმერთს, რადგან არ მოგემართებათ ხელი”.

13 . ამასობაში იერობყამმა უკან ჩაუსაფრა ხალხი; თვითონ იუდეველთა წინ იდგნენ, საფარი კი მათ უკან ეყენათ.

14 . უკან მოიხედა იუდამ და აჰა, წინიდან და უკნიდან უტევენ მას; მაშინ შეჰღაღადეს უფალს და მღვდლებმაც ჩაჰბერეს საყვირებს.

15 . აღსდგნენ იუდას კაცები და ყიჟინა დასცეს; და როდესაც ყიჟინა დასცეს იუდევლებმა, ღმერთმა განგმირა იერობყამი და მთელი ისრაელი აბიასა და იუდას წინაშე.

16 . გაექცნენ ისრაელის ძენი იუდას და მათ ხელში ჩაყარა ღმერთმა ისინი.

17 . და სძლია მათ აბიამ და მისმა ხალხმა დიდი ძლევით; ხუთასი ათასი მკვდარი დაეცა ისრაელის რჩეულ ვაჟკაცთაგან.

18 . მაშინ მოიდრიკნენ ისრაელის ძენი, იუდას ძენი კი გაძლიერდნენ, რადგან მიენდნენ უფალს, თავიანთი მამების ღმერთს.

19 . დაედევნა აბია იერობყამს და წაართვა ქალაქები: ბეთელი თავისი სოფლებით, იეშანა თავისი სოფლებით და ყეფრონი თავისი სოფლებით.

20 . ვეღარ მოიკრიბა იერობყამმა ძალა აბიას დღეებში, განგმირა იგი უფალმა და მოკვდა.

21 . ძალიან გაძლიერდა აბია, თოთხმეტი ცოლი შეირთო და ოცდაორი ძე და თექვსმეტი ასული შვა.

22 . აბიას დანარჩენი საქმეები, მისი გზები და სიტყვები ყიდო წინასწარმეტყველის წიგნშია აღწერილი.