2ნეშტთა თავი 19

1 . მშვიდობით დაბრუნდა თავის სახლში იოშაფატი, იუდას მეფე, იერუსალიმში.

2 . გამოეგება მხილველი იეჰუ ხანანის ძე და უთხრა მეფე იოშაფატს: „განა შეიძლება ბოროტი კაცისთვის დახმარების გაწევა და უფლის მოძულის სიყვარული? ამის გამო უფლის რისხვა დაგატყდება.

3 . თუმცა კეთილი საქმეებიც გიკეთებია, რადგან მოსპე აშერის კერპები ქვეყნიდან და გული ღვთის საძიებლად მოიმზადე.

4 . ცხოვრობდა იოშაფატი იერუსალიმში და კვლავ გავიდა ხალხში ბეერ-შებაყიდან ეფრემის მთამდე და მოაქცია ისინი უფლისკენ, მათი მამების ღმერთისკენ.

5 . დააყენა მსაჯულები ქვეყანაში, იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში, ერთიმეორეს მიყოლებით ყოველ ქალაქში.

6 . უთხრა მსაჯულებს: „დაუკვირდით რას აკეთებთ, რადგან ადამიანის სახელით კი არ გამოგაქვთ მსჯავრი, არამედ უფლის სახელით, რომელიც თქვენთანაა სამართლის გაჩენაში.

7 . უფლის შიში იყოს თქვენში, ფრთხილად მოიქეცით, რადგან არ არის უფალთან, ჩვენს ღმერთთან, უსამართლობა, პირმოთნეობა და მექრთამეობა”.

8 . ასევე იერუსალიმშიც დააყენა იოშაფატმა უფლის სამართლის გასაჩენად ზოგიერთი ლევიანთაგანი, მღვდლები და ისრაელის მამისსახლთა თავკაცები და დაბრუნდნენ იერუსალიმში.

9 . უბრძანა მათ და უთხრა: „ასე იმოქმედეთ უფლის მოშიშებით, ერთგულებით და მთელი გულით.

10 . ყველა სადაო საქმე, რომელიც თქვენამდე მოვა თავ-თავის ქალაქებში დამკვიდრებული თქვენი მოძმეებისგან, სასისხლო იქნება ეს თუ რჯულის, მცნების, წესებისა და დადგენილებების საქმე, გააფრთხილეთ, რომ უფალს არ შესცოდონ და თქვენც, თქვენს ძმებთან ერთად უფლის რისხვა არ დაიტეხოთ თავზე. ასე იმოქმედეთ და არ შესცოდავთ.

11 . აჰა, მღვდელმთავარი ამარიაჰუ გეყოლებათ მთავრად ყველა საუფლო საქმეში, ზებადიაჰუ იშმაელის ძე, იუდას სახლის მმართველი, მეფის ყველა საქმეს განაგებს; ზედამხედველებად ლევიანები იქნებიან თქვენს წინაშე. მტკიცედ იმოქმედეთ და მართალთან იქნება უფალი!”