2ნეშტთა თავი 12

1 . როცა განმტკიცდა და გაძლიერდა რეხაბყამის მეფობა, მიატოვა მან უფლის რჯული და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა.

2 . რეხაბყამის გამეფების მეხუთე წელს იერუსალიმზე გაილაშქრა ეგვიპტის მეფე შიშაკმა, რადგან უღალატეს უფალს მისმა მცხოვრებლებმა,

3 . ათას ორასი ეტლით, სამოცი ათასი ცხენოსნითა და ურიცხვი ხალხით, რომელიც მასთან ერთად გამოვიდა ეგვიპტიდან - ლიბიელნი, სუქიელნი და ქუშელნი.

4 . დაიპყრო იუდას გამაგრებული ქალაქები და იერუსალიმამდე მივიდა.

5 . მივიდა შემაყია წინასწარმეტყველი რეხაბყამთან და იუდას მთავრებთან, რომლებიც შიშაკისგან გადარჩენილნი იერუსალიმში შეიკრიბნენ და უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი: თქვენ მიმატოვეთ და მეც მიგატოვეთ შიშაკის ხელში!”

6 . თავი დაიმდაბლეს ისრაელის მთავრებმა და მეფემ და თქვეს: „მართალია უფალი!”

7 . როცა იხილა უფალმა მათი დამდაბლება, გამოეცხადა უფლის სიტყვა შემაყიას და უთხრა: „რადგან თავები დაიმდაბლეს, აღარ მოვსპობ მათ, ცოტა ხანში გამოვიხსნი და არ გადმოვღვრი შიშაკის ხელით ჩემს გულისწყრომას იერუსალიმზე.

8 . მაგრამ მონებად გაუხდებიან მას, რათა იცოდნენ რა სხვაობაა ჩემს მსახურებასა და ქვეყნიერების მეფეთა მსახურებას შორის”.

9 . გაილაშქრა შიშაკმა, ეგვიპტის მეფემ, იერუსალიმზე და წაიღო მეფის სასახლისა და უფლის ტაძრის საგანძური. ყველაფერი წაიღო და სოლომონის გაკეთებული ოქროს ფარებიც.

10 . მათ სანაცვლოდ მეფე რეხაბყამმა სპილენძის ფარები გააკეთა და მისცა მცველთა უფროსებს, რომლებიც მეფის სასახლის კარს იცავდნენ.

11 . და ყოველთვის, როცა მეფე უფლის ტაძარში შედიოდა, მოდიოდნენ მცველები და მოჰქონდათ ისინი, ხოლო შემდეგ კვლავ მცველთა პალატაში აბრუნებდნენ.

12 . და რაკი დაიმდაბლა თავი, მიიქცა მისგან უფლის რისხვა და საბოლოოდ არ დაღუპა იგი. იუდაშიც კარგად მიდიოდა საქმეები.

13 . გაძლიერდა მეფე რეხაბყამი იერუსალიმში და მეფობდა; ორმოცდაერთი წლის იყო რეხაბყამი თავისი გამეფებისას და ჩვიდმეტ წელს მეფობდა ქალაქში - რომელიც ისრაელის ყოველ ტომში ამოირჩია უფალმა თავისი სახელის დასამკვიდრებლად. დედამისი იყო ნაყამა ყამონელი.

14 . ბოროტად იქცეოდა, რადგან გულით არ ეძებდა უფალს.

15 . რეხაბყამის პირველი და უკანასკნელი საქმენი, განა შემაყია წინასწარმეტყველისა და ყიდო მხილველის წიგნში არაა აღწერილი საგვარტომო ნუსხასთან ერთად? გამუდმებული ბრძოლა იყო რეხაბყამსა და იერობყამს შორის.

16 . განისვენა რეხაბყამმა თავის მამებთან და დაიკრძალა დავითის ქალაქში, მის ნაცვლად კი მისი ძე აბია გამეფდა.