2ნეშტთა თავი 23

1 . მეშვიდე წელს გაძლიერდა იეჰოიადაყი და აღთქმის დასადებად დაუძახა ასისთავებს: ყაზარია იეროხამის ძეს, იშმაელ იოხანანის ძეს, ყაზარია ყობედის ძეს, მაყასიაჰუ ყადაიაჰუს ძეს და ელიშაფატ ზიქრის ძეს.

2 . წავიდნენ იუდაში, იუდას ყველა ქალაქში შეკრიბეს ლევიანები ისრაელის მამისსახლთა თავკაცებთან ერთად და იერუსალიმში მოვიდნენ.

3 . აღთქმა დადო მთელმა კრებულმა მეფესთან ღვთის სახლში; უთხრა მათ იეჰოიადაყმა: „აჰა, მეფის ძე გამეფდება, როგორც ღმერთმა ილაპარაკა დავითის ძეებზე.

4 . აი, რა უნდა გააკეთოთ: თქვენგან მესამედი, შაბათს შემომსვლელ მღვდელთაგან და ლევიანთაგან, კარის მცველები იქნებით.

5 . მესამედი მეფის სახლში, მესამედი საძირკვლის კარიბჭეში; დანარჩენი ხალხი - უფლის სახლის ეზოებში.

6 . არავინ შევიდეს უფლის სახლში, გარდა მღვდლებისა და მსახური ლევიანებისა; ისინი შევიდნენ, რადგან გაწმენდილნი არიან; დანარჩენი ხალხი კი გარეთ იდგეს, უფლის ბრძანების თანახმად.

7 . გარს უნდა შემოერტყნენ ლევიანები მეფეს იარაღით ხელში; ვინც სახლში შემოვა - მოკვდეს. მეფესთან იყავით, მისი შესვლისას და გამოსვლისას”.

8 . ყველაფერი ისე გააკეთეს ლევიანებმა და მთელმა იუდამ, როგორც მათ იეჰოიადაყ მღვდელმა უბრძანა, წაიყვანეს თავ-თავის ხალხში შაბათს შემომსვლელნი შაბათს გამსვლელებთან ერთად, რადგან არ დაუთხოვია იეჰოიადაყ მღვდელს დასები.

9 . დაურიგა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს მეფე დავითის შუბები, დიდი და მცირე ფარები, უფლის სახლში რომ ჰქონდა.

10 . დააყენა მთელი ხალხი, თითოეული იარაღით ხელში, სახლის მარჯვენა მხრიდან სახლის მარცხენა მხარემდე, სამსხვერპლოსთან და ტაძართან - მეფის ირგვლივ.

11 . გამოიყვანეს მეფის ძე, დაადგეს მას სამეფო გვირგვინი, გაამეფეს და მისცეს მოწმობა. ზეთი სცხეს იეჰოიადაყმა და მისმა ძეებმა და თქვეს: "იცოცხლოს მეფემ!”

12 . გაიგო ღოთოლიამ ხალხის ხმა, რომ დარბოდნენ და მეფეს ადიდებდნენ და მივიდა ხალხთან უფლის სახლში.

13 . გაიხედა და, აჰა, წესისამებრ, სვეტთან იდგა მეფე, მეფის გვერდით სარდლები და მესაყვირენი იყვნენ; მთელი ხალხი მხიარულობდა და საყვირებს აყვირებდა, მგალობელნი კი საკრავებით ქებას უძღვნიდნენ მეფეს. შემოიხია სამოსელი ღოთოლიამ და შესძახა: "ღალატია! ღალატი!”

14 . გაიხმო იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავები, ჯარის მეთაურები და უთხრა: "მწყობრის გარეთ გაიყვანეთ ღოთოლია და ვინც უკან გაჰყვება - მახვილით მოკალით, რადგან იფიქრა მღვდელმა: უფლის სახლში არ მოკლანო”.

15 . ხელი ჩაავლეს, ცხენთა შესასვლელი გზით წაიყვანეს მეფის სახლამდე და იქ მოკლეს.

16 . აღთქმა დადო იეჰოიადაყმა თავის თავს, მთელ ხალხსა და მეფეს შორის, რათა უფლის ხალხი ყოფილიყვნენ.

17 . შევიდა მთელი ხალხი ბაყალის სახლში და დაანგრიეს, სამსხვერპლო და მისი გამოსახულებანი დალეწეს. სამსხვერპლოების წინ მოკლეს მათანი, ბაყალის ქურუმი.

18 . უფლის სახლზე მთავრები დაადგინა იეჰოიადაყმა, იმ ლევიანთაგან და მღვდელთაგან, დავითმა რომ გაამწესა უფლის სახლში სრულადდასაწველის აღსავლენად, სიხარულითა და გალობით, როგორც ეს მოსეს რჯულში სწერია, დავითის განაწესის მიხედვით.

19 . მცველები დააყენა უფლის სახლის კარიბჭეებთან, რათა გაუწმიდურებული არავინ შესულიყო.

20 . წამოიყვანა ასისთავები, დიდებულები, ხალხის გამგებლები, ქვეყნის მთელი ხალხი და ჩამოიყვანა მეფე უფლის სახლიდან, ზემო ჭიშკრის გავლით, მეფის სახლამდე და დასვეს მეფე სამეფო ტახტზე.

21 . მხიარულობდა მთელი ქვეყნის ხალხი და დამშვიდდა ქალაქი, ღოთოლია კი მახვილით მოკლეს.