2ნეშტთა თავი 32

1 . ამ კეთილ საქმეთა შემდეგ, სანხერიბი მოვიდა, აშურის მეფე. იუდაში შემოიჭრა, გამაგრებულ ქალაქებთან დაბანაკდა და მათ აღებას ფიქრობდა.

2 . როცა დაინახა ხიზკიაჰუმ, რომ სანხერიბი მოვიდა და იერუსალიმის დალაშქვრას ლამობს,

3 . ითათბირა თავის მთავრებთან და მებრძოლებთან და ქალაქგარე წყაროს წყლების შეკავება გადაწყვიტა; ისინიც დაეხმარნენ.

4 . უამრავი ხალხი შეიკრიბა და დაწყვიტეს ყველა წყარო და ნაკადული, რაც იმ ადგილას მოედინებოდა; თქვეს: „რად უნდა იპოვონ აქ მოსულმა აშურის მეფეებმა ბევრი წყალი?”

5 . მხნეობა მოიკრიბა, ჩამონგრეული გალავანი მთლიანად აღადგინა და კოშკებამდე აამაღლა, გარედან სხვა კედელი მიუშენა; დავითის ქალაქში მილო გაამაგრა და მრავალი ფარ-შუბი დაამზადა.

6 . საბრძოლო მეთაურები დაუდგინა ხალხს, ქალაქის კარიბჭესთან, მოედანზე შემოიკრიბა ისინი და გულითადად ელაპარაკა:

7 . „განმტკიცდით და გამხნევდით, ნუ შეშინდებით და ნუ შეუკრთებით აშურის მეფეს და მთელ მის ურდოს, რადგან ის უფრო დიდია, ვინც ჩვენთანაა, ვიდრე ის, ვინც მათთან.

8 . მასთან ხორციელი ძალაა, ჩვენთან კი, უფალი, ჩვენი ღმერთია, რათა შეგვეწიოს და ჩვენს ომებში იბრძოლოს!” და გამხნევდა ხალხი ხიზკიაჰუს, იუდას მეფის სიტყვების გამო.

9 . ამის შემდეგ გაგზავნა სანხერიბმა, აშურის მეფემ, თავისი ელჩები იერუსალიმს, თვითონ კი მთელი თავისი ძალებით ლაქიში მოაქცია ალყაში; წარგზავნა ხიზკიაჰუსთან, იუდას მეფესთან და ყველა იუდეველთან, რომელიც იერუსალიმში იყო და შეუთვალა:

10 . „ასე ამბობს სანხერიბი, აშურის მეფე: რისი იმედი გაქვთ მაგ ალყაშემორტყმულ იერუსალიმში?

11 . განა არ გაცდუნებთ ხიზკიაჰუ, რათა შიმშილით და წყურვილით ამოგხოცოთ, როცა გეუბნებათ, უფალი, ღმერთი ჩვენი, გვიხსნისო აშურის მეფის ხელიდან?

12 . განა თვითონვე არ დაანგრია ხიზკიაჰუმ მისი მაღლობნი და სამსხვერპლონი და უთხრა იუდასა და იერუსალიმს: ერთ სამსხვერპლოსთან უნდა ეთაყვანოთ და აკმიოთო?

13 . განა არ იცით, რა დავმართეთ მე და ჩემმა მამებმა სხვა მიწის ხალხებს? განა შეძლეს მათმა ღმერთებმა მათი ქვეყნების დახსნა ჩემი ხელიდან?

14 . იმ ხალხთაგან, რომლებიც ჩემმა მამა-პაპამ მოსპო, რომლის ღმერთმა შეძლო თავისი ხალხის დახსნა ჩემი ხელიდან? აბა, როგორღა შეძლებს თქვენი ღმერთი ჩემი ხელიდან თქვენს გამოხსნას?

15 . ახლა არ გაცდუნოთ ხიზკიაჰუმ და არ მოგატყუოთ. ნუ ერწმუნებით მას, რადგან ვერ შეძლო ვერცერთი ერის ღმერთმა თავისი ხალხის სამეფოს ხსნა ჩემი და ჩემი მამა-პაპის ხელთაგან, აბა, როგორღა შეძლებს თქვენი ღმერთი ჩემი ხელიდან თქვენს გამოხსნას?

16 . კიდევ ბევრი ილაპარაკეს მისმა ელჩებმა უფალი ღმერთისა და მისი მსახურის, ხიზკიაჰუს წინააღმდეგ.

17 . დაწერა მან უფლის, ისრაელის ღმერთის საგმობი წერილები, თან ამბობდა: როგორც ქვეყნის ღმერთებმა ვერ იხსნეს თავიანთი ხალხები ჩემი ხელიდან, ისე ვერ იხსნის ხიზკიაჰუს ღმერთი თავის ხალხს ჩემი ხელიდან.

18 . ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ იერუსალიმის ხალხის ენაზე იუდევლებს, რომლებიც გალავანზე იყვნენ, რომ შეეშინებინათ, დაეფრთხოთ და დაეპყროთ ქალაქი.

19 . ისე მოიხსენიებდნენ იერუსალიმის ღმერთს, როგორც ადამიანის ხელით შექმნილ დედამიწის ხალხთა სხვა ღმერთებს.

20 . ლოცულობდნენ მეფე ხიზკიაჰუ და წინასწარმეტყველი ესაია, ამოცის ძე და შეჰღაღადებდნენ ზეცას.

21 . წარგზავნა უფალმა ანგელოზი აშურის მეფის ბანაკში და დასცა ყოველი ძლევამოსილი და მამაცი სარდალი. პირშერცხვენილი დაბრუნდა იგი თავის ქვეყანაში, შევიდა თავისი ღმერთის ტაძარში და მახვილით მოკლეს საკუთარმა ძეებმა.

22 . იხსნა უფალმა ხიზკიაჰუ და იერუსალიმის მკვიდრნი სანხერიბის, აშურის მეფისა და ყველა მასთანმყოფის ხელიდან და მშვიდობა მისცა ყოველი მხრიდან.

23 . მრავალმა მოიტანა ძღვენი უფლისთვის და ძვირფასი საჩუქრები ხიზკიაჰუსთვის, იუდას მეფისთვის, იერუსალიმში და ამაღლებულ იქნა იგი ყველა ხალხის თვალში ამის შემდეგ.

24 . იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ და შეევედრა უფალს, ისიც ელაპარაკა მას და ნიშანი მისცა.

25 . მაგრამ სათანადო პატივი არ მიაგო უფალს ხიზკიაჰუმ, მის მიმართ გამოვლენილი სიკეთის გამო, ვინაიდან გული გაუამაყდა. ამიტომ რისხვა მოვიდა მასზე, იუდასა და იერუსალიმზე.

26 . გული დაიმდაბლეს ხიზკიაჰუმ და იერუსალიმის მკვიდრთ და აღარ მოსულა მათზე უფლის მრისხანება ხიზკიაჰუს დღეებში.

27 . აურაცხელი სიმდიდრე და დიდება ჰქონდა ხიზკიაჰუს; გაიკეთა თავისთვის საგანძურები ოქროსა და ვერცხლის, ძვირფასი ქვების, კეთილსურნელებების, ფარებისა და ყოველგვარი სანუკვარი ჭურჭლისთვის,

28 . და ბეღლები - ხორცის, მარცვლეულის, მაჭრისა და ზეთისთვის და სადგომები - ყოველგვარი საქონლისა და ფარისთვის.

29 . თავისთვის ქალაქები აიშენა და ფრიად გაიმრავლა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, რადგან დიდძალი ქონება მისცა მას ღმერთმა.

30 . ხიზკიაჰუმ დაგმანა ზედა გიხონის წყლის სადინარი და ქვემოთ, დავითის ქალაქის დასავლეთისკენ მიაქცია იგი. ყველა საქმეში წარმატებას აღწევდა ხიზკიაჰუ.

31 . ერთხელ, ბაბილონის მთავართა ელჩების ჩამოსვლისას, რომლებიც მის ქვეყანაში მომხდარი საკვირველების გამოსაკვლევად გამოგზავნეს, თავის ნებაზე მიუშვა ღმერთმა მეფე, რათა გამოეცადა იგი და გაეგო, რა ედო გულში.

32 . აჰა, ხიზკიაჰუს დანარჩენი სიტყვა და კეთილი საქმე, წინასწარმეტყველ ესაიას, ამოცის ძის ხილვაშია აღწერილი, ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნში.

33 . განისვენა ხიზკიაჰუმ თავის მამებთან და დაკრძალეს იგი დავითის ძეთა სამარხების აღსავალზე. პატივი მიაგეს მას სიკვდილის შემდგომ, მთელმა იუდამ და იერუსალიმის მკვიდრებმა. მის ნაცვლად კი მენაშე, მისი ძე გამეფდა.