1 . წავიდა რეხაბყამი შექემში, რადგან იქ მივიდა მთელი ისრაელი მის გასამეფებლად.
2 . ეს რომ იერობყამ ნებატის ძემ გაიგო ეგვიპტეში, სადაც მეფე სოლომონისგან იყო გაქცეული, გამობრუნდა ეგვიპტიდან;
3 . გაგზავნეს მასთან და მოიხმეს. მივიდა იერობყამი მთელ ისრაელთან ერთად და ელაპარაკნენ რეხაბყამს:
4 . „მამაშენმა უღელი დაგვიმძიმა. ახლა შეგვიმსუბუქე მამაშენის მიერ დაკისრებული მძიმე შრომა და უღელი და გემსახურებით”.
5 . უპასუხა მათ: „წადით და სამი დღის შემდეგ დაბრუნდით ჩემთან”. და წავიდ-წამოვიდა ხალხი.
6 . ითათბირა მეფე რეხაბყამმა უხუცესებთან, რომლებიც სოლომონის, მამამისის გვერდში იდგნენ, სანამ ცოცხალი იყო: „თქვენ რას მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?”
7 . და ელაპარაკნენ მას: „თუ კეთილად მოექცევი ამ ხალხს, აამებ და ტკბილად დაელაპარაკები, მაშინ სამუდამოდ შენი მსახურნი იქნებიან”.
8 . მაგრამ უკუაგდო უხუცესთა რჩევა, რომელიც მისცეს და მის წინაშე მდგომ, თავისთან შეზრდილ ყმაწვილკაცებს დაეკითხა.
9 . უთხრა: „რას მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს, რომლებმაც მამაჩემის მიერ დადგმული უღლის შემსუბუქება მთხოვეს?”
10 . მიუგეს ყმაწვილკაცებმა, რომლებიც მასთან ერთად იზრდებოდნენ: „ასე უთხარი ხალხს, რომელთაც გითხრეს: მამაშენმა უღელი დაგვიმძიმა, შენ კი შეგვიმსუბუქეო! ასე უთხარი: ჩემი ნეკი უფრო მსხვილია-თქო მამაჩემის წელზე.
11 . მამაჩემმა თუ მძიმე უღელი დაგადგათ, მე უფრო დაგიმძიმებთ უღელს. მამაჩემი თუ მათრახებით გსჯიდათ, მე მორიელებით დაგსჯით!”
12 . მივიდნენ იერობყამი და მთელი ხალხი რეხაბყამთან მესამე დღეს, როგორც უბრძანა მათ მეფემ: „სამ დღეში დაბრუნდითო ჩემთან”.
13 . მკაცრად ელაპარაკა მათ მეფე და უკუაგდო მეფე რეხაბყამმა უხუცესთა რჩევა;
14 . მიუგო მათ ყმაწვილკაცების რჩევისამებრ: „ხომ დაგიმძიმათ მამაჩემმა უღელი, მე უფრო დაგიმძიმებთ; მამაჩემი თუ მათრახებით გსჯიდათ, მე მორიელებით დაგსჯით!”
15 . არ ისმინა მეფემ ხალხისა, რადგან ღვთის ნება იყო ასეთი, რათა აღესრულებინა უფალს თავისი სიტყვა, რომელიც ახია შილონელის პირით უთხრა იერობყამ ნებატის ძეს.
16 . იხილა მთელმა ისრაელმა, რომ არ ისმინა მეფემ მათი და ასე მიუგო ხალხმა მეფეს: „რა წილი გვაქვს ჩვენ დავითთან? არა გვაქვს მემკვიდრეობა იესეს ძესთან! თითოეული თავისი კარვისაკენ, ისრაელო! ახლა თვითონ მიხედე შენს სახლს, დავით!” და წავიდა მთელი ისრაელი თავის კარვებისკენ.
17 . მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელის ძეებზე შერჩა მეფობა რეხაბყამს.
18 . გაგზავნა მეფე რეხაბყამმა ჰადორამი, რომელიც ხარკის ამკრეფი იყო; ქვები დაუშინეს მას ისრაელის ძეებმა და მოკლეს; მეფე რეხაბყამმა კი ეტლზე ასვლა და იერუსალიმს გაქცევა მოასწრო.
19 . განუდგა ისრაელი დავითის სახლეულს ამ დღემდე.