2ნეშტთა თავი 16

1 . ასას მეფობის ოცდამეთექვსმეტე წელს გამოვიდა ისრაელის მეფე ბაყაშა იუდას წინააღმდეგ და დაიწყო რამას შენება, რათა არავისთვის მიეცა ასასთან, იუდას მეფესთან, შესვლისა და გამოსვლის საშუალება.

2 . გამოიტანა ასამ ვერცხლი და ოქრო უფლის სახლისა და მეფის სასახლის საგანძურებიდან; გაუგზავნა ბენ-ჰადადს, არამის მეფეს, რომელიც დამასკოში მკვიდრობდა და თან შეუთვალა:

3 . „იყოს კავშირი ჩვენ შორის, როგორც მამაჩემსა და მამაშენს შორის იყო; აჰა, გამოგიგზავნე ოქრო-ვერცხლი, გააუქმე შენი კავშირი ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან და გამშორდება”.

4 . დაუჯერა ბენ-ჰადადმა მეფე ასას; გაგზავნა ისრაელის ქალაქების წინააღმდეგ თავისი ჯარის სარდლები და დაიპყრო იონი, დანი, აბელ-მაიმი და ნაფთალის ყველა სამარაგო ქალაქი.

5 . ბაყაშამ რომ ეს ამბავი გაიგო, შეწყვიტა რამას შენება და შეაჩერა თავისი საქმე.

6 . წაიყვანა მეფე ასამ მთელი იუდა და გადმოზიდეს ქვები და მორები რამადან, რითაც აშენებდა ბაყაშა და გებაყი და მიცფა გაამაგრა.

7 . მივიდა იმ დროს ხანან მხილველი ასასთან, იუდას მეფესთან და უთხრა: „რადგან არამელთა მეფეს დაეყრდენ და არა უფალს, შენს ღმერთს, ამიტომ გადაურჩა არამელთა მეფის ლაშქარი შენს ხელს.

8 . განა მრავალრიცხოვანი ეტლები და ცხენოსნები არ ჰყავდათ ქუშელებსა და ლიბიელებს, მაგრამ რაკი უფალს მიენდე, ხელში ჩაგიგდო ისინი.

9 . მთელ დედამიწას ადევნებს თვალს უფალი, რათა განამტკიცოს და მხარი დაუჭიროს მათ, ვინც მთელი გულით მასზეა მინდობილი. უგუნურად მოიქეცი, ამიტომ ამიერიდან ომები გექნება”.

10 . განურისხდა ასა მხილველს და საპყრობილეში ჩააგდო, რადგან გაბრაზდა; ავიწროებდა ასა ზოგიერთებს ხალხიდან იმ ხანებში.

11 . და, აჰა, იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია აღწერილი ასას პირველი და უკანასკნელი საქმენი.

12 . დაუსნეულდა ასას ფეხები თავისი მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს და მძიმედ დაავადდა, მაგრამ თავის სნეულებაშიც არ უძებნია უფალი, არამედ მკურნალებს ეძებდა.

13 . გარდაიცვალა ასა თავის მეფობის ორმოცდამეერთე წელს და განისვენა თავის მამებთან.

14 . დაკრძალეს იგი თავის სამარხში, თავისთვის რომ გაათხრევინა დავითის ქალაქში; დაასვენეს იგი კეთილსურნელებითა და მენელსაცხებლეთა მიერ ოსტატურად დამზადებული ნაირნაირი ნელსაცხებლით ავსებულ სარეცელზე და ძალზე დიდი კოცონი დაუნთეს.