1 . შეუდგა სოლომონი ღმერთის სახლის შენებას იერუსალიმში, მორიას მთაზე, სადაც უფალი გამოეცხადა დავითს, მამამისს; იმ ადგილას, დავითმა რომ მოამზადა ორნან იებუსელის კალოზე.
2 . მეორე თვის მეორე დღეს შეუდგა შენებას, თავისი მეფობის მეოთხე წელს.
3 . ესენია საფუძვლები, რომელზედაც სოლომონმა ღვთის სახლის შენება დაიწყო: სიგრძით სამოცი წყრთა იყო, ძველი საზომით, სიგანით - ოცი.
4 . დარბაზი სახლის წინ, მთელ სიგრძეზე, მისი სიგანის შესაბამისად, ოცი წყრთა იყო, სიმაღლით - ას ოცი. შიგნიდან წმინდა ოქროთი მოჭედა.
5 . დიდი სახლი კვიპაროსის ხეებით მოაპირკეთა, საუკეთესო ოქროთი მოჭედა და მასზე პალმები და ჯაჭვები გამოაჭედინა.
6 . ძვირფასი ქვით დაფარა სახლი მის დასამშვენებლად; ოქრო კი ფარვაიმული იყო.
7 . ოქროთი მოაპირკეთა სახლი, ძელები, ზღურბლნი, მისი კედლები და კარებები; კედლებზე ქერუბები ამოკვეთა.
8 . გააკეთა წმიდათაწმიდა; მისი სიგრძე სახლის სიგანის შესაბამისად ოცი წყრთა იყო, სიგანე - ოცი წყრთა. ექვსასი ტალანტი საუკეთესო ოქროთი მოაპირკეთა იგი.
9 . ლურსმნები წონით ორმოცდაათი შეკელი ოქრო იყო. ზედა სართულიც ოქროთი მოაპირკეთა.
10 . წმიდათაწმიდის ოთახში ორი ქერუბის ქანდაკება გააკეთა და ოქროთი მოაპირკეთა.
11 . ქერუბის ფრთები სიგრძით ოცი წყრთა იყო; ერთის ფრთა - ხუთწყრთიანი, სახლის კედელს ეხებოდა, მეორე ფრთაც ხუთი წყრთა იყო და მეორე ქერუბის ფრთას ეხებოდა;
12 . მეორე ქერუბის ფრთაც ხუთი წყრთა იყო და სახლის კედელს ეხებოდა, მისი მეორე ფრთაც ხუთი წყრთა იყო და პირველი ქერუბის ფრთას ეხებოდა.
13 . ქერუბების ფრთები ოც წყრთაზე იყო გაშლილი, თავიანთ ფეხებზე იდგნენ ისინი და სახე სახლისკენ ჰქონდათ მიმართული.
14 . კრეტსაბმელი გააკეთა ლურჯი, მეწამული და ძოწეული ბისონისგან და ზედ ქერუბები გამოსახა.
15 . სახლის წინ ოცდათხუთმეტი წყრთის სიგრძის ორი სვეტი გააკეთა, თითოეულს თავზე ხუთწყრთიანი სარქველი ედგა.
16 . ისეთივე ჯაჭვები გააკეთა, როგორიც წმიდაიში და სარქველზე მიამაგრა. გააკეთა ასი ბროწეული და ჯაჭვებზე მიამაგრა.
17 . ეს სვეტები ტაძრის წინ აღმართა, ერთი მარჯვნივ, მეორე მარცხნივ. მარჯვენას სახელად იაქინი უწოდა, მარცხენას - ბოყაზი.