2ნეშტთა თავი 4

1 . გააკეთა სპილენძის სამსხვერპლო, რომლის სიგრძე და სიგანე ოცი წყრთა იყო, ხოლო სიმაღლე - ათი.

2 . გაუკეთა ჩამოსხმული ზღვა, ათი წყრთა კიდიდან კიდემდე, გარშემო მომრგვალებული, რომელსაც სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა და ოცდაათი წყრთა გარშემოწერილობა;

3 . ქვეშ ხარების მსგავსი სხმული ჰქონდა ათ წყრთაზე, მის ირგვლივ, ყოველი მხრიდან ორ რიგად.

4 . თორმეტ ხარზე იდგა იგი, სამი ჩრდილოეთით, სამი დასავლეთით, სამი სამხრეთით და სამი აღმოსავლეთით იყო მიმართული, ზღვა ზემოდან ედგათ; გავები კი შიგნით ჰქონდათ მიქცეული.

5 . მტკაველის ოდენა სისქე ჰქონდა; კიდეები გაშლილ შროშანს მიუგავდა და სამიათას ბათს იტევდა.

6 . ათი მცირე აუზი გააკეთა; ხუთი - მარჯვნივ და ხუთი კი მარცხნივ მოათავსა, რათა მათში ამოევლოთ სრულადდასაწველად გამზადებული, მღვდელმსახურნი კი ზღვაში განიბანებოდნენ.

7 . ოქროს ათი სასანთლე გააკეთა დადგენილი წესით და ტაძარში მოათავსა, ხუთ-ხუთი მარჯვნივ და მარცხნივ.

8 . ათი მაგიდა გააკეთა და დადგა ტაძარში, ხუთი მარჯვნივ, ხუთიც - მარცხნივ; ასევე ოქროს ასი ფიალა გააკეთა.

9 . ქვეშ ხარების მსგავსი სხმული ჰქონდა ათ წყრთაზე, მის ირგვლივ, ყოველი მხრიდან ორ რიგად.

10 . ზღვა სახლის მარჯვენა მხარეს, სამხრეთ-აღმოსავლეთით მოათავსა.

11 . გააკეთა ხურამმა ქვაბები, ნიჩბები, ფიალები და დაასრულა ყველაფრის კეთება, რაც მეფე სოლომონისთვის, ღვთის სახლში უნდა გაეკეთებინა:

12 . ორი სვეტი და ორი გვირგვინი სვეტის თავზე დასადგმელი და ორი ბადე გვირგვინების დასაფარად;

13 . ოთხასი ბროწეული ორი ბადისთვის, ბროწეულთა ორი მწკრივი თითოეული ბადისთვის, სვეტების თხემზე, გვირგვინების სარტყელის დასაფარად;

14 . გააკეთა სადგარნი და ზედ საბანელნი გაუკეთა;

15 . ერთი ზღვა და თორმეტი ხარი მის ქვეშ;

16 . ქვაბები, ნიჩბები, ფიალები და მთელი ჭურჭელი ხურამმა გააკეთა უფლის სახლისთვის გაპრიალებული სპილენძისგან.

17 . იორდანეს ტაფობის თიხაში ჩამოასხა ისინი მეფემ, სუქოთსა და ცერედათს შორის.

18 . მრავლად გააკეთა სოლომონმა მთელი ეს ჭურჭელი, ისე რომ არც აღრიცხულა სპილენძის წონა.

19 . გააკეთა სოლომონმა მთელი ეს ჭურჭელი ღვთის სახლისთვის, ოქროს სამსხვერპლო, მაგიდები და საწინაშეო პური მათზე,

20 . სასანთლეები და მათი კანდელები სუფთა ოქროსგან წესისამებრ, რათა წმიდაის წინ ანთებულიყო.

21 . ყვავილები, ლამპრები და ოქროს მაშები, სუფთა ოქროსგან;

22 . მაკრატლები პატრუქისთვის, ფიალები, კოვზები და აქანდაზები სუფთა ოქროსგან; სახლის კარიბჭენი, შიდა კარი, წმიდათაწმიდაში შესასვლელი და სახლის კარებიც ოქროსი იყო.