2ნეშტთა თავი 31

1 . გაასრულეს რა ეს ყოველივე, გავიდა იქ მყოფი მთელი ისრაელი იუდას ქალაქებში და დაამსხვრიეს სვეტები, აჩეხეს აშერები, დაანგრიეს მაღლობები და სამსხვერპლოები მთელ იუდაში, ბენიამინში, ეფრემსა და მენაშეში, ვიდრე მთლიანად არ გაანადგურეს. ამის შემდეგ ისრაელის ყოველი ძე თავ-თავის სამფლობელოსა და ქალაქში დაბრუნდა.

2 . დააყენა ხიზკიაჰუმ მღვდლები და ლევიანები, თავ-თავისი დასების მიხედვით, თავ-თავისი მსახურების შესასრულებლად. მღვდლები და ლევიანები - სრულადდასაწველების და სამშვიდობო შესაწირების მსახურებად, უფლის ბანაკის კარიბჭეში, მადლიერებისა და ქების აღსავლენად.

3 . თავისი ქონების ნაწილი სრულადდასაწველთათვის გამოყო მეფემ: დილისა და საღამოს სრულადდასწველთათვის, შაბათების, ახალმთვარობათა და დადგენილი დღესასწაულებისთვის, როგორც უფლის რჯულშია ჩაწერილი.

4 . უბრძანა იერუსალიმის მკვიდრთ, რომ თავისი წილი გასამრჯელო მიეცათ მღვდლებისა და ლევიანებისთვის, რათა მთლიანად უფლის რჯულისთვის ყოფილიყვნენ მიძღვნილნი.

5 . როგორც კი ეს ბრძანება გავრცელდა, უხვად მოიტანეს ისრაელის ძეებმა ხორბლის, ახალი ღვინის, ზეთის, თაფლისა და მინდვრის მთელი მოსავლის პირველნაყოფი და ამასთან ერთად, ყველაფრის მეათედიც მოიტანეს უხვად.

6 . ისრაელის ძეებს და იუდას ქალაქებში მცხოვრებლებსაც მოჰქონდათ ხარების, ცხვრების და განწმედილთა მეათედი, რომელიც უფლისთვის, თავისი ღმერთისთვის ჰქონდათ გამოყოფილი; მოიტანეს და გროვად დაახვავეს.

7 . მესამე თვეში დაიწყეს გროვების დახვავება და მეშვიდე თვეში დაასრულეს.

8 . მოვიდნენ ხიზკიაჰუ და მთავრები, დაინახეს გროვები და აკურთხეს უფალი და მისი ხალხი ისრაელი.

9 . ჰკითხა ხიზკიაჰუმ მღვდლებსა და ლევიანებს გროვების შესახებ.

10 . მიუგო მას მღვდელმთავარმა ყაზარიამ, ცადოკის სახლეულიდან: "როცა უფლის სახლში შემოწირულობათა მოტანა დაიწყეს, დანაყრებამდე ვჭამდით, მაგრამ მაინც ბევრი დარჩა, რადგან უფალმა აკურთხა თავისი ხალხი და მონარჩენიდან კიდევ ამდენი დარჩა”.

11 . ბრძანა ხიზკიაჰუმ ოთახები მოემზადებინათ უფლის სახლში; და მოამზადეს.

12 . ერთგულად მოჰქონდათ შემოწირულობანი, მეათედები და უფლისადმი მიძღვნილი ნივთები, რომელთა გამგებლად ლევიანი ქანანია დააყენეს და მისი ძმა შიმყი კი მეორე კაცად - მის მერე.

13 . იეხიელი, ყაზაზიაჰუ, ნახათი, ყასაელი, იერიმოთი, იოზაბადი, ელიელი, ისმახიაჰუ, მახათი და ბენაიაჰუ მეთვალყურეები იყვნენ ქანანიასა და შიმყის, მისი ძმის ხელქვეით, მეფე ხიზკიაჰუსა და ყაზარიას, უფლის სახლის განმგებლის, ბრძანებით.

14 . კორე იმნას ძე, ლევიანი, აღმოსავლეთის მხარის კარის მცველი, ღმერთისადმი ნებაყოფლობით შენაწირის ზედამხედველი, რათა გაეცა უფლისთვის შემოწირული და წმინდა ნივთები.

15 . მისი ძალაუფლების ქვეშ, მღვდელთა ქალაქებში იყვნენ: ყედენი, მინიამინი, იეშუა, შემაყიაჰუ, ამარიაჰუ და შექანიაჰუ, რომ სამართლიანად გაენაწილებინათ თავიანთი ძმებისთვის, მათი დასების მიხედვით, როგორც დიდისთვის, ისე პატარისთვის.

16 . უნაწილებდნენ ყველას, სამი წლის ასაკიდან მოყოლებულ ყველა მამაკაცს, მათი საგვარტომო ნუსხის აღრიცხვისდა მიუხედავად, ვინც კი უფლის სახლში მოვიდოდა ყოველდღიურ საქმეზე, მსახურებისთვის, თანამდებობისა და დასების მიხედვით;

17 . ოც წელს გადაცილებული, საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი მღვდლებისთვის და ლევიანებისთვის, მათი მამისსახლების მიხედვით, თანამდებობისა და დასების მიხედვით.

18 . საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი, ყველა მათი მცირეწლოვანი შვილებისთვის, ცოლებისთვის, ძეებისა და ასულებისთვის, მთელი კრებულისთვის, ვინაიდან მთელი ერთგულებით განიწმიდნენ უფლისთვის სამსახურად.

19 . ხოლო აჰარონის ძეებისთვის - მღვდლებისთვის, რომლებიც მათი ქალაქების ირგვლივ მდებარე მინდვრებზე იყვნენ გასულები, კაცები განუწესეს სახელდებით ყველა ქალაქში, რომ წილი მიეცათ ყველა მღვდლისა და საგვარტომო ნუსხაში აღრიცხული ყველა ლევიანისთვის.

20 . ასე მოიქცა ხიზკიაჰუ მთელს იუდაში და გააკეთა ის, რაც სამართლიანი და ჭეშმარიტი იყო უფლის, თავისი ღვთის წინაშე.

21 . ყველა საქმეში, რაც კი წამოიწყო ღვთის სახლის მომსახურებისთვის, რჯული იყო თუ მცნებები, ყველაფერში მთელი გულით ეძებდა თავის ღმერთს და წარმატებას აღწევდა.