2ნეშტთა თავი 14

1 . განისვენა აბიამ თავის მამებთან და დაკრძალეს იგი დავითის ქალაქში. მის ნაცვლად კი ასა, მისი ძე გამეფდა. ათი წლით მოისვენა ქვეყანამ მის დღეებში.

2 . კეთილად და სიმართლით იქცეოდა ასა უფლის, თავისი ღმერთის თვალში.

3 . მოშალა უცხო სამსხვერპლონი და მაღლობები; და აჩეხა (ფინიკიელთა ქალღმერთის) აშერები.

4 . იუდევლებს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის ძიება და რჯულისა და მცნების შესრულება უბრძანა.

5 . გააუქმა იუდას ქალაქებში სამსხვერპლო მაღლობები და მზის სვეტები. და მოისვენა სამეფომ მისი მეფობის დროს.

6 . ააშენა გამაგრებული ქალაქები იუდაში, რადგან დამშვიდდა ქვეყანა და ომები არ ჰქონია იმ წლებში, რადგან უფალმა მოასვენა იგი.

7 . უთხრა მან იუდეველთ: „ავაშენოთ ეს ქალაქები და შემოვავლოთ გალავნები კოშკებით, კარიბჭეებითა და ურდულებით, ჯერ კიდევ ჩვენია ჩვენი ქვეყანა, ვინაიდან ვეძიებდით უფალს, ჩვენს ღმერთს; ვიპოვეთ იგი და მშვიდობა გვიბოძა ყოველი მხრიდან!” აშენებდნენ ისინი და იმარჯვებდნენ.

8 . გაძლიერდა ასა, იუდეველთაგან სამასი ათასი ფარ-შუბის ამღები ჰყავდა, ბენიამინელთაგან კი - ორას ოთხმოცი ათასი ფარისა და მშვილდის ამღები; ყველა ერთიმეორეზე ძლევამოსილი მეომარი იყო.

9 . გამოვიდა მათ წინააღმდეგ ზერახ ქუშელი (ეთიოპიელი) ათასჯერ ათასიანი ლაშქრით, სამასი ეტლით და მარეშას მიადგა.

10 . გავიდა ასა მის წინააღმდეგ და საომრად დაეწყვნენ ცეფათას ველზე, რომელიც მარეშას გადასცქეროდა.

11 . მოუხმო ასამ უფალს, თავის ღმერთს და თქვა: „უფალო! მხოლოდ შენ შეგიძლია შეეწიო უძლურს ძლიერის წინააღმდეგ. შეგვეწიე უფალო, ღმერთო ჩვენო, რადგან შენს სახელზე მინდობილნი გამოვედით ამ ურდოს წინააღმდეგ. უფალო! ჩვენი ღმერთი ხარ შენ, დაე ნურავინ შეძლებს შენზე აღმატებას!”

12 . შემუსრა უფალმა ქუშელნი ასასა და იუდას წინაშე და გაიქცნენ ქუშელნი.

13 . გერარამდე მისდევდა ასა და მასთან მყოფი ხალხი და დაეცნენ ქუშელნი და არავინ გადარჩენილა მათგან ცოცხალი, რადგან შეიმუსრნენ უფლისა და მისი მხედრობის წინაშე. დიდძალი ნადავლი წამოიღო იუდამ.

14 . ყველა ქალაქი ააოხრეს გერარის ირგვლივ, რადგან უფლის ძრწოლა იყო მათზე და გაძარცვეს ყველა ქალაქი, ვინაიდან სავსე იყო ნადავლით.

15 . მწყემსთა კარვებიც აიკლეს და დიდძალი წვრილფეხა საქონელი და აქლემი გამოირეკეს და დაბრუნდნენ იერუსალიმში.