1 . მიუგო იობმა და უთხრა:
2 . "ჭეშმარიტად ვიცი, რომ ასეა, მაგრამ როგორ გამართლდება კაცი ღმერთთან?
3 . თუ ვინმე მოისურვებს მასთან დავას ათასიდან ერთზეც კი ვერ გასცემს პასუხს.
5 . გადააადგილებს მთებს და არ იციან, როცა ამხობს მათ თავის რისხვაში;
6 . არყევს დედამიწას თავის ადგილზე და ტორტმანებენ მისი სვეტები.
7 . ვინც უბრძანებს მზეს და აღარ ამოდის; და ბეჭედს ასვამს ვარსკვლავებს.
8 . მან მარტომ გადაჭიმა ზეცა და ფეხქვეშ თელავს ზღვის წყლებს.
9 . მან შექმნა დათვის, ორიონისა და შვიდი მნათობის თანავარსკვლავედი და სამხრეთის პალატები.
10 . იად და გამოუკვლეველ საქმეებს იქმს და აურაცხელ საოცრებებს!
11 . აჰა, ჩამივლის და ვერ დავინახავ, ჩაიქროლებს და ვერ შევნიშნავ.
12 . აჰა, წარიტაცებს და ვინ დააკავებს? ვინ ეტყვის, რას აკეთებო?
13 . არ შეატრიალებს თავის რისხვას ღმერთი, მის ქვეშ დამდაბლდებიან ქედმაღალნი.
14 . და განა ძალმიძს პასუხი გავცე, სიტყვები შევარჩიო მის წინაშე?
15 . მართალიც რომ ვიყო, არ შევეპასუხებოდი, მხოლოდ შევევედრებოდი ჩემს მსაჯულს.
16 . თუ მოვუხმობდი და პასუხს გამცემდა, ვერ დავიჯერებდი, რომ ჩემი ხმა შეისმინა,
17 . რომელიც ქარიშხალივით მმუსრავს და უმიზეზოდ მიმრავლებს ჭრილობებს,
18 . სულს არ მათქმევინებს და სიმწრით მანაყრებს.
19 . თუ ძალაზე მიდგა საქმე, აჰა, ძლიერია იგი, თუ სამართალზე - ვინ მოსთხოვს პასუხს?
20 . მართალიც რომ ვიყო, ჩემი პირი გამამტყუნებს, უდანაშაულოც რომ ვიყო - ის დამდებს ბრალს.
21 . უდანაშაულო ვარ, არაფრად ვაგდებ ჩემს თავს - სიცოცხლე მომძულდა!
22 . სულერთია და მეც ვამბობ, უდანაშაულოს და ბოროტს ერთნაირად ანადგურებს.
23 . თუ შოლტი მოკლავს ანაზდეულად, უდანაშაულოთა უიმედობას დასცინებს იგი.
24 . ქვეყნიერება ბოროტეულთა ხელს გადაეცა, იგი უფარავს სახეს მსაჯულებს. თუ ის არა, მაშ ვინ?
25 . ჩემი დღენი მალემსრბოლზე უსწრაფესია, მიჰქრიან და სიკეთეს ვერ ხედავენ.
26 . ლერწმის ნავებივით ჩაიქროლეს, ნადავლზე შემართული არწივის მსგავსად.
27 . ვიფიქრე: აღარ დავიჩივლებ, მოღუშული აღარ ვიქნები და გავმხნევდები-მეთქი,
28 . მაგრამ მაძრწუნებს თითოეული ჩემი სატკივარი, ვიცი, მაინც არ გამამართლებ.
29 . და თუ ავკაცად შევირაცხები, ამაოდ რისთვისღა გავისარჯო?
30 . თოვლითაც რომ განვიბანო და ბოლომდე გავისუფთავო ხელები,
31 . მაშინაც ჩემს წუმპეში ჩამძირავდი და ჩემსავე სამოსელს შევზიზღდებოდი.
32 . რადგან ჩემსავით ადამიანი არ არის იგი, რომ შევეპასუხო და ერთად წავიდეთ სასამართლოში.
33 . არც არის ჩვენ შორის შუამავალი, რომ ორივეს დაგვადოს ხელი.
34 . ნეტავ განაშორებდეს ჩემგან თავის კვერთხს და აღარ მაძრწუნებდეს მისი შიში!
35 . მაშინ ვილაპარაკებდი და არ შევუშინდებოდი, რადგან ასეთი არ ვარ ჩემს თავთან.