1 . „ესეც აძრწუნებს ჩემს გულს, ლამის ამომივარდეს საგულედან.
2 . გულისყურით მოისმინეთ მისი ხმის გრგვინვა და გუგუნი, მისი პირიდან რომ გამოდის.
3 . მთელ ცის ქვეშეთში აგზავნის მას და ელვა მისი დედამიწის კიდეებს სწვდება;
4 . ელვას თან მოსდევს მისი ხმის გრგვინვა; ქუხს თავისი დიადი ხმით და არა წყვეტს ელვას, როცა მისი ხმა ისმის.
5 . გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, იქმს დიად საქმეებს, ვერ ჩავწვდებით მისი სიდიადის ძალას.
6 . რადგან ეუბნება თოვლს: დაეფინეო მიწას”, ამასვე უბრძანებს წვიმასა და ძლიერ თავსხმას.
7 . აჩერებს ყველა ადამიანის ხელს, რომ ყველა ადამიანმა იცოდეს მისი ნამოქმედარი.
8 . თავშესაფარში გარბიან მხეცები და თავიანთ ბუნაგებში ინაბებიან.
9 . სამხრეთიდან ქარიშხალი მოდის, ჩრდილოეთიდან - ყინვა.
10 . ღვთის სუნთქვა ბადებს ყინულს და მყარდება სიმრავლე წყლისა.
11 . ტენით ავსებს სქელ ღრუბლებს და მისი ელვით ნათდებიან ისინი.
12 . მისი ნება-სურვილით მოძრაობენ ღრუბლები, მის ბრძანებას ასრულებენ მთელი დედამიწის ზურგზე.
13 . ხან არგნით, თავისივე ხალხის საკეთილდღეოდ, ხანაც წყალობისთვის.
14 . ყური მომაპყარ იობ, აღსდექ და ჩაუკვირდი ღვთის სასწაულებს.
15 . თუ იცი, როგორ დააფუძნა ისინი, როგორ აცისკროვნებს ღმერთი თავის ღრუბლებს ელვის სინათლით?
16 . თუ იცი ღრუბელთა განფენილობა, საოცრებანი ცოდნაში უნაკლოსი?
17 . რატომ ხურდება შენი სამოსელი, როცა სამხრეთის ქარში მყუდროვდება ქვეყანა?
18 . თუ შეძლებ მასთან ერთად ცათა გადაჭიმვას, ჩამოსხმული სარკესავით მტკიცე რომ არის?
19 . გვასწავლე, რა ვუთხრათ მას, ვერაფერი მოგვიფიქრებია სიბნელის გამო.
20 . მოხსენდება მას, რომ ლაპარაკი მსურს? ვინმე გაბედავს და მოინდომებს მისგან შთანთქმას?
21 . ახლა არ ჩანს ღრუბლებში მბრწყინავი მნათობი, მაგრამ ჩაუქროლებს ქარი და გაასუფთავებს.
22 . ჩრდილოეთიდან ბრწყინავს ოქროს ციალი; შიშის მომგვრელია ღვთაებრივი შარავანდედი.
23 . ვერ მივაგენით ყოვლადძლიერს, ძალაშია ამაღლებული, სიმართლესა და მრავალმოწყალებაში - არავის ჩაგრავს.
24 . ამიტომ ეშინიათ მისი ადამიანებს; არაფრად აგდებს მათ, ვისაც თავი ბრძენი ჰგონია”.