1 . "სიცოცხლე შესძაგდა ჩემს სულს; წუწუნს მივეცემი და ჩემი სულის სიმწარიდან ვილაპარაკებ.
2 . ვეტყვი უფალს: მსჯავრს ნუ მდებ, გამაგებინე, რისთვის მდევნი?
3 . განა კარგია შენთვის, რომ მთრგუნავ, რომ უკუაგდე შენი ხელის ქმნილება და ახალისებ ბოროტთა მზაკვრობას?
4 . ნუთუ შენც ხორციელი თვალები გაქვს? ნუთუ შენც ადამიანივით იყურები?
5 . ნუთუ შენი დღეებიც მოკვდავის დღეებივითაა? ან კაცის დღეებივითაა შენი წლები?
6 . ჩემს ბრალს რომ ეძებ და ცოდვას იკვლევ,
7 . თუმცა იცი, რომ ბრალი არა მაქვს, და არავინაა შენი ხელიდან ჩემი გამომხსნელი.
8 . მთლიანად შენი ხელით ვარ გამოძერწილი და შექმნილი და შენვე მანადგურებ?!
9 . გაიხსენე, თიხასავით რომ გამომძერწე; ისევ მტვრად მაქცევ?
10 . განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე?
11 . ტყავითა და ხორცით შემმოსე, ძვლებითა და ძარღვებით მომქსოვე.
12 . სიცოცხლე და სიკეთე მომმადლე, შენმა მზრუნველობამ შემოინახა ჩემი სული.
13 . მაგრამ ამასაც ინახავდი შენს გულში, ვიცი, რომ ესეც გქონდა განზრახული:
14 . თუ შეგცოდავდი, არ მომერიდებოდი, ბრალს არ მომიტევებდი;
15 . თუ უკეთური ვარ - ვაი ჩემს თავს! თუ მართალი ვარ - თავს ვერ ავწევ, სავსე ვარ სირცხვილით. შეხედე ჩემს სივაგლახეს.
16 . წამოვიწიო? - ლომივით ნადირობ ჩემზე და კვლავ შენს საოცრებებს ახდენ ჩემზე,
17 . შენს მოწმობებს ანახლებ ჩემს წინააღმდეგ და აძლიერებ შენს რისხვას, ჯარი ანაცვლებს ჯარს ჩემს წინააღმდეგ.
18 . საშოდან რად გამომიყვანე? მოვმკვდარიყავი, რომ თვალით არავის ვეხილე.
19 . ვყოფილიყავი, როგორც არყოფილი, საშოდან საფლავში ჩამასვენებდნენ.
20 . განა მცირე არ არის ჩემი დღენი?! დამეხსენ, რომ ცოტათი მაინც გავიხარო,
21 . სანამ წავიდოდე უკანმოუსვლელში, ბნელეთისა და აჩრდილთა ქვეყანაში;
22 . წყვდიადის ქვეყანაში, თვით წყვდიადში, აჩრდილთა უწესრიგო ქვეყანაში, სადაც ნათელიც კი ბნელივითაა”.