იობი თავი 14

1 . "ადამიანი, დედაკაცის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა წუხილით.

2 . ყვავილივით გაიფურჩქნება და ჭკნება, ჩრდილივით გადაივლის და ქრება.

3 . და ასეთ კაცს უმზერ და მაინც სამსჯავროში მიგყავარ?

4 . უწმიდურისგან წმიდას ვინ გააჩენს? არავინ!

5 . აკი განსაზღვრულია მისი დღენი და მისი თვეების რიცხვი შენს ხელთაა, საზღვრები დაუდგინე და ვერ გადალახავს,

6 . დაეხსენი, რომ მოისვენოს, ვიდრე მოჯამაგირესავით დაამთავრებდეს თავის დღეებს.

7 . რადგან ხესაც აქვს იმედი: თუ მოჭრიან, კვლავ ამოხეთქავს, აყვავდება და ყლორტები არ მოაკლდება.

8 . თუ ფესვი დაუბერდა მიწაში და ღერო ჩაუკვდა მტვერში,

9 . როგორც კი წყლის სუნს იგრძნობს, კვლავ აყვავდება და ახალდარგულივით გამოიყრის ყლორტებს.

10 . მაგრამ კვდება კაცი, დაწვება და სულს განუტევებს, სადღაა იგი?

11 . როგორც წყლები გაედინება ზღვიდან და მდინარე იწრიტება,

12 . ასევე ადამიანიც წვება და ვეღარ დგება, ვიდრე არ გაქრება ცანი ვერ გაიღვიძებს და ვერ გამოფხიზლდება ძილისგან.

13 . ნეტავ ქვესკნელში დაგემალე, დაგეფარე, ვიდრე გადაივლიდა შენი რისხვა, დროს დამიდგენდი და გამიხსენებდი.

14 . თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი ბრძოლის დღეებში დავიცდიდი, ვიდრე არ დადგებოდა ჩემი ხსნა.

15 . მომიხმობდი და გამოგეხმიანებოდი; მოგენატრებოდა შენს ხელთა ქმნილება,

16 . ნაბიჯებს დამითვლიდი, ჩემს ცოდვებს კი აღარ ჩაეძიებოდი;

17 . ჩანთაში დალუქავდი ჩემს დანაშაულს და ჩემს ბრალს წარხოცდი.

18 . მაგრამ როგორც ჩამოქცეული მთა იშლება და კლდე ცურდება თავისი ადგილიდან,

19 . როგორც ქვებს ცვეთს წყალი, როგორც ნიაღვრები წალეკავენ მიწას; შენც ასე ანადგურებ მოკვდავი კაცის იმედს.

20 . სძლევ მას სამუდამოდ და მიდის, სახეს შეუცვლი და უშვებ.

21 . პატივში იქნებიან მისი შვილები - მან ეს არ იცის, დამცირდებიან ისინი - ის ვერ ხედავს.

22 . მას მხოლოდ საკუთარი სხეული სტკივა და საკუთარ თავს გლოვობს იგი!”