1 . უპასუხა იობმა და თქვა:
2 . "ყურადღებით მოისმინეთ ჩემი სიტყვა და ეს იქნება თქვენი ნუგეშისცემა ჩემთვის.
3 . დამაცადეთ ლაპარაკი და სათქმელს რომ გეტყვით, მერე დამცინეთ!
4 . განა ადამიანს ვედავები? რად არ უნდა ვიყო სულმოკლე?
5 . შემომხედეთ და განცვიფრდით, პირზე აიფარეთ ხელი;
6 . გახსენებაც კი მაშინებს და ძრწოლა იპყრობს ჩემს ხორცს.
7 . რატომ ცოცხლობენ ბოროტეულნი, სიბერეს აღწევენ და ძლიერდებიან?
8 . უმზერენ თავისი შთამომავლობის დამკვიდრებას და თვალწინ ჰყავთ საკუთარი ნაშიერი;
10 . მისი ხარი ამაკებს და არ ააცდენს, მისი ფური მაკდება და მკვდარს არ იგებს.
11 . ცხვარივით გაუშვებენ თავიანთ ბალღებს და კუნტრუშებენ მათი პატარები;
12 . დაფდაფზე და ქნარზე მღერიან და სალამურის ხმაზე მხიარულობენ;
13 . განცხრომაში ატარებენ თავიანთ დღეებს და მშვიდად ჩადიან საფლავში;
14 . ეტყვიან ღმერთს: გაგვშორდი, არ გვწადია შენი გზების შეცნობა!
15 . ვინაა ყოვლადძლიერი, რომ ვემსახუროთ? რა სარგებელია, რომ ვეძიოთ?
16 . აჰა, მათ ხელთ არაა მათი კეთილდღეობა; შორს არის ჩემგან ბოროტთა რჩევა!
17 . რამდენჯერ ჩამქრალა ბოროტეულთა ლამპარი და რამდენჯერ დასტეხიათ თავს უბედურება? რამდენჯერ უწილადა განადგურება თავისი რისხვით?
18 . ჩალასავით არიან ქარის წინაშე და გრიგალის მიერ მოტაცებული ბზესავით?
19 . თქვენ ამბობთ: ღმერთი ადამიანის სასჯელს მის შვილებს უნახავს. _ დაე თავად მათ მიაგოს ღმერთმა, რომ შეიგნონ.
20 . საკუთარი თვალით იხილოს უბედურება და დალიოს ყოვლადძლიერის გულისწყრომის თასი!
21 . რადგან რაღაზე ენაღვლება თავისი სახლეული სიკვდილის შემდეგ, როცა მისი თვეების რიცხვი შეწყდება?
22 . განა ღმერთს სიბრძნე ესწავლება, როცა ის თვითონ დიდებულთ განიკითხავს?
23 . ზოგი ძალით აღსავსე კვდება, სრულიად მშვიდი და კმაყოფილი.
24 . მისი წიაღი რძითაა სავსე და მისი ძვლები სინედლით.
25 . ზოგი კი სულგამწარებული კვდება, ისე, რომ სიკეთე არ უგემია;
26 . ერთად ჩაწვებიან მტვერში და ჭია შეესევა მათ.
27 . აჰა, ვიცი მე თქვენი ფიქრები და ბოროტი ზრახვანი ჩემს წინააღმდეგ,
28 . რადგან ამბობთ, სად არისო მთავრის სახლი და სავანე, რომელშიც მკვიდრობს ურჯულო?
29 . ნუთუ არ გიკითხავთ გზირთათვის ან არ გსმენიათ მათი მონაყოლი,
30 . რომ უბედურების დღეს დაზოგილია ბოროტეული, გარიდებულია რისხვის დღეს?
31 . ვინ ამხელს მას პირში მისი გზის ურჯულოების გამო? ვინ მიუზღავს ნამოქმედარისთვის?
32 . გააცილებენ თავისი საფლავისაკენ და სამარხს გუშაგს დაუყენებენ;
33 . ტკბილად მიიღებენ ველის გორახები, მრავალი გააცილებს მას და წინაც მრავალი წარუძღვება!
34 . როგორღა მანუგეშებთ ამაოებით? სიცრუედ რჩება თქვენი პასუხები!”