იობი თავი 4

1 . მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა:

2 . "სიტყვის თქმა რომ ვცადო, ხომ არ გაბეზრდები? მაგრამ ვის ძალუძს დადუმება?

3 . აჰა, ბევრს არიგებდი ჭკუას და დაუძლურებულ ხელებს უმაგრებდი;

4 . წაბორძიკებულს ფეხზე აყენებდა შენი სიტყვა და ჩაკეცილ მუხლებს ამაგრებდი.

5 . ახლა შენც მოგადგა და მოუთმენელი გახდი, შეგეხო და შეძრწუნდი,

6 . შენი მოშიშება ხომ შენი სიმტკიცეა, და შენი გზების უბიწოება - შენი იმედი.

7 . გაიხსენე, უდანაშაულო თუ დაღუპულა ვინმე ან მართალნი თუ მოკვეთილან?

8 . როგორც მინახავს, ურჯულოების მხვნელნი და შფოთის მთესველნი მასვე იმკიან.

9 . ღმერთის სუნთქვაზე იღუპებიან და მისი რისხვის ქროლვით შთაინთქმებიან.

10 . მათი ხმა ლომის ღრიალივით არის, მაგრამ შეემუსრებათ მათ კბილები.

11 . ლომი უნადავლოდ იღუპება და ძუ ლომის ბოკვერნი იფანტებიან.

12 . საიდუმლოდ მომეცა სიტყვა და ყურში ჩურჩული ჩამესმა.

13 . ღამის ხილვებით ჩაფიქრებულს, როცა ძილქუში ეცემათ ადამიანებს.

14 . შიშმა შემიპყრო, ძრწოლა დამეცა და ყველა ძვალი ამიცახცახდა.

15 . სულმა ჩამიქროლა ჩემი სახის წინ და ყალყზე დამიდგა თმები ტანზე.

16 . შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე სახე, ხატება - ჩემ თვალწინ; იყო დუმილი და მერე ხმა გავიგონე:

17 . ღმერთზე მართალია მოკვდავი? უმწიკვლოა თავისი შემოქმედის წინაშე?

18 . აჰა, თავის მსახურებსაც კი არ ენდობა და თავის ანგელოზებშიც პოულობს ნაკლს,

19 . მით უმეტეს თიხის სახლებში მცხოვრებნი, მტვერზე რომ უდგათ საფუძველი და ჩრჩილზე უწინ რომ იჭყლიტებიან,

20 . დილიდან საღამომდე იმუსრებიან და შეუმჩნევლად იღუპებიან.

21 . აჰა, ამოძვრა მათი კარვის საბელი და სიბრძნის გარეშე კვდებიან.