იობი თავი 7

1 . "განა ბრძოლა არაა კაცის ყო­ფა ამ მიწაზე? მოჯამაგირის დღე­ებივით არ არის მისი დღენი?

2 . მონასავით მიელტვის ჩრდილს და მოჯამაგირესავით მოუთმენლად ელის თავის გასამრჯელოს,

3 . ასე მერგო ამაოების თვეები და წილად მხვდა ტანჯვის ღამეები.

4 . დაწოლისას ვამბობ, როდის ავდგები? გრძელია ღამე და ბორგვით ვიღლები განთიადამდე.

5 . მატლებით და მტვრით შეიმოსა ჩემი ხორცი, კანი ჩემი სკდება და ლპება.

6 . ჯარაზე სწრაფად მიჰქრიან ჩემი დღეები და უიმედობაში იწურებიან.

7 . გახსოვდეს, ამოსუნთქვაა ჩემი სიცოცხლე და თვალი ჩემი სიკეთეს აღარ იხილავს.

8 . ვეღარ მიხილავენ თვალები, რომლებიც მიყურებენ, აჰა, შემომხედავ და - აღარ ვიქნები!

9 . როგორც ღრუბელი ქრება და იკარგება, ასე ჩადის კაცი შავეთში და აღარ ამოდის,

10 . აღარ დაუბრუნდება თავის სახლს და აღარც მას იცნობს მისი ადგილი.

11 . ამიტომ, არც მე შევაჩერებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ ჩემი სულის წუხილით, და ვიწუწუნებ სიცოცხლეგამწარებული.

12 . განა ზღვა ვარ ან ზღვის ურჩხული, გუშაგები რომ დამიყენე?

13 . თუ ვიტყვი, მანუგეშებს ჩემი სარეცელი ან ჩემი საგებელი შემიმსუბუქებს-მეთქი მწუხარებას,

14 . სიზმრებით მაძრწუნებ და ხილვებით მაშინებ,

15 . ისე, რომ სული ჩემი მოგუდვას ამჯობინებს და სიკვდილს - ვიდრე ჩემს ძვლებში ყოფნას.

16 . მომბეზრდა - უკუნისამდე ხომ არ ვიცოცხლებ?! დამეხსენ, რადგან ამაოებაა ჩემი დღეები!

17 . რა არის კაცი, ასე რომ განადიდებ და მისკენ მიგიპყრია გულისყური?

18 . ყოველ დილას რომ ინახულებ და სცდი ყოველ წამს?

19 . როდის მომაშორებ მზერას და დამეხსნები, რომ ნერწყვი მაინც გადავყლაპო?

20 . მე თუ შევცოდე, შენ რა დაგიშავე, ადამიანთა გუშაგო? რატომ დამისვი სამიზნედ, ისე რომ, საკუთარ თავსაც ტვირთად ვექეცი?

21 . რად არ მომიტევებ შეცოდებას და არ განმაშორებ ჩემს დანაშაულს? რადგან, ცოტაც და დავწვები მტვერში, ძებნას დამიწყებ და აღარ ვიქნები!"