იობი თავი 16

1 . მიუგო იობმა და თქვა:

2 . "ამისთანები ბევრი მსმენია, უსუსური ნუგეშისმცემლები ხართ ყველანი!

3 . თუ აქვს დასასრული ქარიან სიტყვებს? რა გაიძულებთ, რომ ასე მპასუხობთ?

4 . მეც თქვენსავით ვილაპარაკებდი, თქვენს ადგილზე რომ ვყოფილიყავი. თქვენს საწინააღმდეგო სიტყვებს შევთხზავდი და თავის ქნევას დაგიწყებდით;

5 . ჩემი პირით გაგამაგრებდით და შეგიმსუბუქებდით ტანჯვას ჩემი ბაგის მოძრაობით.

6 . თუ ვილაპარაკებ, ტკივილი არ დამიამდება, თუ დავდუმდები განა გამშორდება?

7 . მაგრამ ახლა მომქანცა, მთელი ჩემი სახლეული გაუდაბურდა.

8 . შენ გამიჩინე ნაოჭები, რომლებიც მოწმობენ ჩემს წინააღმდეგ, წამოიმართა ჩემს წინააღმდეგ ჩემი სიმჭლევე, და იგი მოწმობს ჩემს წინააღმდეგ.

9 . მისი რისხვა მგლეჯს და მდევნის, კბილებს მიღრჭენს და თვალებს ილესავს ჩემზე მტერი,

10 . პირი აქვთ დაფჩენილი, მაგინებენ და სახეში მცემენ, მზაკვრულად შეითქვნენ ჩემს წინააღმდეგ.

11 . უსამართლოს გადამცა ღმერთმა და ურჯულოთა ხელში ჩამაგდო.

12 . მშვიდად ვიყავი და დამამსხვრია, კისერში ჩამავლო ხელი და ნაგლეჯებად მაქცია, თავის სამიზნედ დამაყენა.

13 . გარს შემომერტყნენ მისი ისრები, მიგლეჯენ შიგნეულობას, არ მიბრალებს და მიწაზე ანთხევს ჩემს ნაღველს;

14 . დამლეწა, გვემა გვემაზე მოდის, მეომარივით გამორბის ჩემკენ.

15 . ჯვალო გადავიკერე კანზე და მტვერში ამოვგანგლე ჩემი რქა.

16 . ტირილისგან სახე ამელეწა და სიკვდილის აჩრდილია ჩემს წამწამებზე.

17 . თუმცა ძალადობა არ არის ჩემს ხელთ და სუფთაა ჩემი ლოცვა.

18 . მიწავ! ნუ დაფარავ ჩემს სისხლს და ადგილს ნუ ჰპოვებს ჩემი მოთქმა!

19 . აჰა, ცაშია ჩემი მოწმე და ჩემი დამცველი - მაღალთა შინა.

20 . ჩემი მეგობრები აბუჩად მიგდებენ, ღმერთს შეჰქვითინებენ ჩემი თვალები,

21 . ოჰ, ნეტავ შეეძლოს ადამიანს ღმერთთან კამათი, როგორც კაცს - თავის მოყვასთან,

22 . რადგან მოდის ჩემი წლების დასასრული და უკანმოუსვლელ გზას ვადგები!