1 . "აბა, მოისმინე, იობ, ჩემი სიტყვები და ყურად იღე ყოველი ჩემი გამონათქვამი.
2 . აჰა, გავხსენი ბაგე და ალაპარაკდა ჩემი ენა ჩემს პირში;
3 . გულწრფელად ვილაპარაკებ სიტყვებს და ნათლად გამოთქვამენ ცოდნას ჩემი ბაგენი;
4 . ღმერთის სულმა შემქმნა და ყოვლისშემძლის სუნთქვა მასულდგმულებს.
5 . თუ ძალგიძს - მიპასუხე, მოემზადე და წინ დამიდექი;
6 . აჰა, მეც შენსავით ვარ ღმერთის წინაშე, მეც თიხისგან ვარ გამოძერწილი.
7 . აჰა, ჩემი შიში შენ არ შეგაშინებს და ჩემი ხელი შენ არ დაგამძიმებს;
8 . აკი ეუბნებოდი ჩემს ყურს და შენი სიტყვების ხმა გავიგონე:
9 . სუფთა ვარო და უცოდველი, უმწიკვლო და უდანაშაულო;
10 . მაგრამ მინახაო საბაბი და თავის მტრად შემრაცხა;
11 . ბორკილები დამადოო ფეხებზე და ყოველ ჩემს ნაბიჯს აკვირდება!
12 . აი, ამაში არა ხარ მართალი. გიპასუხებ - რადგან ადამიანზე დიდია ღმერთი.
13 . რატომ ეპაექრები? თავის არც ერთ ნამოქმედარზე არ ჩაგაბარებს ანგარიშს.
14 . ვინაიდან ერთხელ იტყვის ღმერთი და ორჯერ, მაგრამ ვერავინ ამჩნევს.
15 . სიზმარში, ღამის ხილვაში, როცა სარეცელზე თვლემს კაცი და ძილქუში ეცემა.
16 . მაშინ უხსნის ადამიანებს ყურებს და თავის შეგონებებს ბეჭდავს მათში,
17 . რომ ბოროტი საქმისგან მოაბრუნოს იგი და ამპარტავნებისგან იხსნას კაცი,
18 . რათა იხსნას იგი შავეთისგან და მისი სიცოცხლე - მახვილით დაღუპვისგან;
19 . ტკივილით შეაგონებს თავის სარეცელზე და არ უამდება ძვლები,
20 . ისე რომ პური შესძაგდება მის სიცოცხლეს და მის სულს - სანატრელი საჭმელი.
21 . დადნება მისი ხორცი, აღარ გამოჩნდება და გამოჩნდებიან მისი ძვლები, რომლებიც არ ჩანდნენ.
22 . საფლავს მიუახლოვდება იგი და მისი სიცოცხლე - სიცოცხლის მომსწრაფველებს;
23 . მაგრამ, თუ აღმოჩნდება ათასში ერთი ანგელოზი, მისი მეოხი, რომ შეახსენოს კაცს, რა არის სიმართლე,
24 . შეიწყალებს მას და იტყვის: "იხსენი იგი საფლავისგან: მისთვის ნაპოვნი მაქვს გამოსასყიდი!”
25 . ყმაწვილკაცივით განუახლდება ხორცი და სიჭაბუკის წლებს დაუბრუნდება;
26 . შესთხოვს ღმერთს, ღმერთი კი შეიწყალებს მას, სიხარულით შეხედავს მის სახეს და სიმართლეს აღუდგენს კაცს.
27 . შეხედავს ადამიანებს და იტყვის: შევცოდე და სწორი გავაუკუღმართე, მაგრამ საზღაური არ მომაგო.
28 . ორმოში ჩასვლისგან გამომისყიდა და სინათლეს იხილავს სიცოცხლე ჩემი.
29 . აჰა, ამ ყოველივეს ხანდახან სამგზის უკეთებს ღმერთი ადამიანს.
30 . რომ გამოაბრუნოს მისი სული ორმოდან და სიცოცხლის სინათლით განათლდეს იგი.
31 . ყური დამიგდე, იობ, მომისმინე, დადუმდი და მე ვილაპარაკებ.
32 . თუ რამ სათქმელი გაქვს, მიპასუხე, რადგან შენი გამართლება მწადია.
33 . და თუ არა - მე მომისმინე, დადუმდი და გასწავლი სიბრძნეს”.