1 . „თუ უწყი ჟამი ჯიხვთა შობადობისა? ფურირემთა მშობიარობა თუ გინახავს?
2 . თუ აღგირიცხავს მათი მაკეობის თვეები ან თუ უწყი ჟამი მათი მოგებისა?
3 . ჩაიმუხლებენ, შობენ თავის ნაშიერთ, გათავისუფლდებიან შობის ტკივილებისგან.
4 . მომაგრდებიან მათი ნაშიერნი, ველზე იზრდებიან, წავლენ და აღარ დაბრუნდებიან მათთან.
5 . ვინ გაუშვა კანჯარი ლაღად? ველურ ვირს საბელები ვინ აუხსნა,
6 . რომელსაც სახლად უდაბნო მივეცი და სამკვიდრებლად - მლაშობი?
7 . ქალაქის ხმაურს არაფრად აგდებს და გამრეკის შეძახილებს არ უსმენს.
8 . მთებში დაეხეტება თავისი საზრდოსთვის და დაეძებს ყოველგვარ სიმწვანეს.
9 . თუ ინებებს გარეული ხარი შენს მსახურებას ან თუ გაათევს ღამეს შენს ბაგაზე?
10 . თუ შეძლებ მის უღელში შებმას, თუ დაგიფარცხავს მინდორს შენს უკან?
11 . თუ დაენდობი მის ძლიერებას და შენს საშრომელს თუ მიანდობ?
12 . ნუთუ დაიჯერებ, რომ მარცვლეულს დაგიბრუნებს და კალოზე დაგიხვავებს?
13 . მხიარულად აფრთხიალებს ფრთებს სირაქლემა, თუმცა არა აქვს ყარყატივით ნაკრტენი და ბუმბული.
14 . თავის კვერცხებს ქვიშაში ტოვებს და მიწაში ათბობს მათ,
15 . ავიწყდება, რომ ფეხი გასრესს ან ველის მხეცი გათელავს მათ.
16 . უმოწყალოდ ექცევა თავის ბარტყებს, თითქოს მისები არ იყვნენ; ამაოა მისი შრომა და არ ადარდებს,
17 . რადგან ღმერთმა დაავიწყა მას სიბრძნე და გონიერება არ მიუცია მისთვის,
18 . თუმცა, როგორც კი გასაქცევად შეიმართება, აბუჩად იგდებს ცხენსა და მხედარს.
19 . შენ მიეცი ცხენს ძლიერება, და ფაფარით შენ შეუმოსე კისერი?
20 . შენ ახტუნებ მას კალიასავით? შემაძრწუნებელია მისი დიდებული ჭიხვინი!
21 . ჩლიქით თხრის ველზე მიწას, ხარობს თავის ძლიერებაში, გადის და მახვილს ეგებება.
22 . შიშს დასცინის, არ ეშინია და მახვილისგან პირს არ აბრუნებს.
23 . მკერდზე კაპარჭი უწკრიალებს, ელვარებს შუბი და მახვილი.
24 . მძვინვარე ხმაურით ყლაპავს მიწას და არ ყოვნდება საყვირის ხმაზე.
25 . ყოველი საყვირის დაყვირებაზე, იტყვის: აჰა! შორიდან იყნოსავს ბრძოლას, სარდალთა გრგვინვასა და ომის ყიჟინას.
26 . განა შენი გონიერებით ნავარდობს ქორი და შლის ფრთებს სამხრეთისკენ?
27 . განა შენი ბრძანებით მაღლდება არწივი და იკეთებს ბუდეს სიმაღლეზე?
28 . კლდეზე ბინადრობს და იქ ათევს ღამეს, კლდის ქიმზე და მიუდგომელ ადგილზე.
29 . იქიდან ეძებს თავის საზრდოს; შორიდანვე ხედავენ მისი თვალები.
30 . სისხლს სვამენ მისი მართვენი და სადაც ლეშია, ისიც იქ არის”.