1 . "თუ ამოათრევ ლევიათანს ანკესით და საბლით თუ დაუბამ ენას?
2 . ცხვირში თუ გაუყრი რგოლს და კაუჭით თუ გაუხვრეტ ყბას?
3 . თუ დაგიწყებს ძლიერ ვედრებას და მოწიწებით თუ დაგელაპარაკება?
4 . თუ დაგიდებს აღთქმას, რომ სამუდამო მსახურად დაგიდგება?
5 . თუ გაგართობს ჩიტივით და დააბამ მას შენი ქალიშვილებისთვის?
6 . თუ ივაჭრებენ მისით მეთევზენი და დაანაწილებენ ვაჭართა შორის?
7 . თუ დაუფარავ კანს ისრებით და მეთევზის კაპარჭებით - თავს?
8 . დაადე მას ხელი და დაგამახსოვრდება მასთან შერკინება, აღარასოდეს გააკეთებ ამას!
9 . აჰა, ფუჭია შენი მოლოდინი; მისი ერთი გამოხედვაც კი ძირს დაგცემს.
10 . მის შეწუხებას ვერავინ ბედავს, ჩემს წინ ვინღა დადგება?!
11 . ვის რა მოუცია, რომ ავუნაზღაურო? ჩემია მთელი ცისქვეშეთი.
12 . არ დავდუმდები მის კიდურებზე, მის ძლევამოსილებაზე და მშვენიერ აღნაგობაზე.
13 . ვის გაუხდია მისთვის ჯავშანი? მის ორმაგ ყბებში ვინ შეაღწევს?
14 . მისი სახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ შიშის ზარია!
15 . მისი ფარფლები ფარების წყებაა, მჭიდრო ბეჭდით შეკრული.
16 . ერთი მეორეს ერწყმის და ჰაერი ვერ ატანს მათ შორის:
17 . ერთმანეთს მიეკვრნენ, ჩაეჭიდნენ და არ განიყოფიან.
18 . მის დაცემინებაზე ნათელი ელვარებს და მისი თვალები ცისკრის წამწამებივითაა.
19 . მისი ხახიდან ცეცხლის ჩირაღდნები გამოდიან და ნაპერწკლები იფრქვევა.
20 . კვამლი გამოსდის ნესტოებიდან, როგორც მდუღარე ქვაბიდან და ცეცხლმოკიდებული ლერწმიდან.
21 . მისი სუნთქვა ნაკვერჩხლებს აღვივებს და ხახიდან ალი გამოდის.
22 . მის ქედზე ძალაა დავანებული და მის წინაშე როკავს შიში.
23 . მტკიცედ შეერწყა ერთმანეთს მისი ხორცის ფენები, მკვრივად აფენია, არ შეირყევა.
24 . ქვასავით მაგარია მისი გული, მკვრივია ქვედა დოლაბივით.
25 . როგორც კი წამოიმართება - ძლიერნი კრთებიან და ეცლებიან თავზარდაცემულნი.
26 . მისწვდება მას მახვილი და ვერას აკლებს - ვერც შუბი, ვერც ლახვარი და ისარი.
27 . რკინას ჩალად მიიჩნევს და სპილენძს - დამპალ ხედ.
28 . ვერ უკუაქცევს მას ისარი, ჩალასავითაა მისთვის შურდულის ქვები.
29 . ბზედ მიაჩნია რკინა და შუბის ზუზუნზე ეცინება.
30 . მუცელზე წამახული კეცის ნატეხები აქვს, კევრივით არის გაწოლილი ჭანჭყობში.
31 . ქვაბივით ადუღებს უფსკრულს და ზღვას ნელსაცხებლის ჭურჭლად აქცევს.
32 . ბილიკს ასხივებს თავის უკან, კაცი იფიქრებს, უფსკრულნი გაჭაღარავდნენო.
33 . არავინაა მიწაზე მისი მსგავსი, უშიშრად არის შექმნილი.
34 . უმზერს ყველაფერს, რაც მაღლაა, მეფობს სიამაყის ყველა ნაშიერზე”.