გამოცხადება თავი 9

1 . დააყვირა მეხუთე ანგელოზმა და ვიხილე ციდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი; და მიეცა მას უფსკრულის ჯურღმულის გასაღები.

2 . და გააღო უფსკრულის ჯურღმული და ამოვიდა კვამლი ჯურღმულიდან, როგორც დიდი ღუმლის კვამლი; დაბნელდა მზე და ჰაერი ჯურღმულის კვამლისგან.

3 . კვამლიდან გამოვიდნენ კალიები დედამიწაზე და მიეცა მათ ისეთი ძალაუფლება, დედამიწის მორიელებს რომ აქვთ.

4 . და ეთქვა მათ, რომ არ დაეზიანებინათ დედამიწის ბალახეულობა, არც არავითარი მწვანილეულობა და არც არავითარი ხე, არამედ მხოლოდ ადამიანები, რომელთაც ღვთის ბეჭედი არა აქვთ შუბლზე.

5 . და მიეცა მათ უფლება, რომ არ დაეხოცათ, არამედ მხოლოდ ეწამებინათ ისინი ხუთ თვეს; და მათი წამება ჰგავს წამებას მორიელისგან, ადამიანს რომ დაგესლავს.

6 . იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ იპოვიან; სიკვდილს ინატრებენ, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ.

7 . შესახედაობით კალიები საომრად გამზადებულ ცხენებს წააგავდნენ; თავებზე თითქოს ოქროს გვირგვინები ედგათ, სახე ადამიანის სახეს მიუგავდათ.

8 . თმები ჰქონდათ, როგორც დედაკაცებს, ხოლო კბილები - როგორც ლომის ეშვები.

9 . ჯავშანი ჰქონდათ, როგორც რკინისა, ხოლო მათი ფრთების ხმა ჰგავდა საომრად აჩქარებულ მრავალი ეტლისა და ცხენის გრიალს.

10 . კუდები მორიელს მიუგავდათ, და ნესტრებიც; და კუდებში ჰქონდათ ადამიანების ხუთი თვით წამების ძალაუფლება.

11 . მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, ებრაულად აბადონი რომ ჰქვია, ხოლო ბერძნულად - აპოლიონი.

12 . ერთმა უბედურებამ ჩაიარა; აჰა, კიდევ ორი მოდის მის შემდეგ.

13 . დააყვირა მეექვსე ანგელოზმა და ღვთის წინაშე მდგარი ოქროს სამსხვერპლოს ოთხი რქისგან ერთის ხმა გავიგონე.

14 . უთხრა მეექვსე ანგელოზს, საყვირი რომ ჰქონდა: "ახსენი ოთხი ანგელოზი, დიდ მდინარე ევფრატზე რომ არიან შეკრულნი;

15 . და აიხსნა ოთხი ანგელოზი, რომლებიც იმ საათისა და დღის, თვისა და წლისთვის იყვნენ გამზადებულნი, ადამიანთა მესამედი რომ უნდა ამოეწყვიტათ.

16 . მათი მხედრობის რიცხვი იყო ორასი ათასჯერ ათასი; მე მოვისმინე მათი რიცხვი.

17 . ასე ვიხილე ჩვენებაში ცხენები და მხედრები, რომელთაც ეკეთათ ცეცხლოვანი, ალისფერი და გოგირდოვანი ჯავშნები; ცხენების თავები, როგორც ლომთა თავები; პირიდან ცეცხლს, კვამლსა და გოგირდს აფრქვევდნენ.

18 . ამ სამი წყლულებისგან - ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისგან, მათი პირიდან რომ გამოდიოდა, ადამიანთა მესამედი დაიხოცა;

19 . ვინაიდან ცხენთა ძალა მათ პირებსა და მათ კუდებშია; მათი კუდები გველებს ჰგავს და აქვთ თავები, რომლებითაც აზიანებენ ადამიანებს.

20 . დანარჩენმა ადამიანებმა კი, რომლებიც ამ წყლულებით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი ხელის საქმენი, რომ თაყვანი არ ეცათ დემონებისთვის და ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ქვისა და ხის კერპებისთვის, რომელთაც არც ხილვა შეუძლიათ, არც მოსმენა და არც სიარული.

21 . არ მოინანიეს ჩადენილი მკვლელობანი, არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი მეძავობანი და არც თავიანთი ქურდობანი.