გამოცხადება თავი 6

1 . შემდეგ ვიხილე, რომ ახსნა კრავმა შვიდთაგან ერთი ბეჭედი და გავიგონე ოთხიდან ერთი არსება თითქოს ქუხილის ხმით ამბობდა: "მოდი!”

2 . შევხედე და, აჰა, თეთრი ცხენი და ზედ მხედარი, რომელსაც მშვილდი ეჭირა და მიცემული ჰქონდა გვირგვინი; გამოვიდა გამარჯვებით, რათა გაიმარჯვოს.

3 . ახსნა მეორე ბეჭედი და გავიგონე მეორე არსების ხმა; რომელიც ამბობდა: "მოდი და იხილე!”

4 . გამოვიდა მეორე ცხენი, ალისფერი; და მიეცა მის მხედარს დედამიწიდან მშვიდობის წაღების ნება, რათა ერთმანეთი დაეხოცათ; და მიეცა დიდი მახვილი.

5 . მესამე ბეჭედი რომ ახსნა, მესამე არსების ხმა მომესმა, რომელიც ამბობდა: "მოდი და იხილე!” და ვიხილე, აჰა, შავი ცხენი და მის მხედარს სასწორი უჭირავს ხელში.

6 . და მომესმა მსგავსი ხმისა ოთხი არსების შუაგულიდან, რომელიც ამბობდა: "საწყაო ხორბალი დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ზეთსა და ღვინოს ნურას ავნებ”.

7 . როცა მეოთხე ბეჭედი ახსნა, მომესმა მეოთხე არსების ხმა, რომელიც ამბობდა: "მოდი და იხილე!”

8 . შევხედე და, აჰა, ფერმიხდილი ცხენი და მისი მხედარი; სახელი მისი - სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოჰყვებოდა მას და მიეცა ხელმწიფება დედამიწის მეოთხედ ნაწილზე, რომ დაეხოცა მახვილითა და შიმშილით, ჭირითა და მიწის მხეცებით.

9 . მეხუთე ბეჭედი რომ ახსნა, დავინახე სამსხვერპლოს ქვეშ ღვთის სიტყვისა და იმ მოწმობისთვის მოკლულთა სულები, მათ რომ ჰქონდათ.

10 . დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: "ხელმწიფევ, წმიდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისთვის?”

11 . და მიეცა თითოეულ მათგანს თეთრი სამოსი და ეთქვა მათ, რომ დამშვიდებულიყვნენ ცოტა ხანს, ვიდრე მათი თანამსახურნი და მათი ძმები არ გაასრულებენ რიცხვს და მათსავით არ მოიკვლებიან.

12 . როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, ვიხილე, აჰა, დიდი მიწისძვრა მოხდა, მზე გაშავდა, როგორც ბალნის ძაძა, და მთვარე მთლიანად სისხლივით გაწითლდა.

13 . ცის ვარსკვლავები მიწაზე ჩამოცვივდნენ, როგორც ძლიერი ქარით შერხეულ ლეღვის ხეს გასცვივა მკვახე ლეღვი.

14 . და გარდახდა ცა დაგრაგნილი წიგნივით; და ყოველი მთა და კუნძული დაიძრა თავისი ადგილიდან.

15 . დედამიწის მეფეები და მთავრები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებში შეიმალნენ.

16 . და ეუბნებოდნენ მთებსა და კლდეებს: "ზედ დაგვეცით და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისგან და კრავის რისხვისგან;

17 . რადგან დადგა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?”