1 . მომეცა კვერთხის მსგავსი ლერწამი და მეთქვა: "ადექი, გაზომე ღვთის ტაძარი და სამსხვერპლო, და აღრიცხე მასში მყოფი თაყვანისმცემლები.
2 . ტაძრის გარე ეზო გამორიცხე, არ გაზომო, რადგან წარმართებს მიეცა იგი, რომლებიც ორმოცდაორი თვის განმავლობაში გათელავენ წმიდა ქალაქს.
3 . მივცემ ჩემს ორ მოწმეს და ათას ორას სამოც დღეს იწინასწარმეტყველებენ ძაძით შემოსილნი.
4 . ესენი არიან ზეთისხილის ორი ხე და ორი სალამპრე, რომლებიც დედამიწის უფლის წინაშე დგანან”.
5 . თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს; და თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, უნდა მოიკლას.
6 . მათ აქვთ ცის დაკეტვის ხელმწიფება, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში; ასევე აქვთ ხელმწიფება წყლებზე, რომ სისხლად აქციონ და შემუსრონ დედამიწა ყოველგვარი წყლულებით, როცა კი მოისურვებენ.
7 . და როცა დაასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, გაიმარჯვებს და დახოცავს მათ.
8 . მათი ცხედრები დაიყრება დიდი ქალაქის ქუჩაში, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს ეცვა მათი უფალიც.
9 . და უყურებენ სხვადასხვა ხალხებიდან და ტომებიდან, ენებიდან და ერებიდან მათ ცხედრებს სამნახევარ დღეს და არ მისცემენ მათი ცხედრების სამარხში დაკრძალვის ნებას.
10 . გაიხარებენ და იმხიარულებენ დედამიწაზე მცხოვრებნი მათ გამო, და საჩუქრებს გაუგზავნიან ერთმანეთს, ვინაიდან აწამებდა დედამიწის მკვიდრთ ეს ორი წინასწარმეტყველი.
11 . სამნახევარი დღის შემდეგ კი შევიდა მათში სიცოცხლის სული ღმერთისგან, და ფეხზე წამოდგნენ; დიდი შიში დაეცა ყველას, ვინც მათ უყურებდა.
12 . და გაიგონეს დიდი ხმა ზეციდან, რომელმაც თქვა: "ამოდით აქ”. და ისინიც ღრუბლით ავიდნენ ზეცას, მათი მტრები კი შეჰყურებდნენ.
13 . დიდი მიწისძვრა მოხდა იმავე საათს და დაიქცა ქალაქის მეათედი, და დაიღუპა მიწისძვრისგან შვიდი ათასი სახელი კაცისა; დანარჩენები კი შიშმა მოიცვა და დიდება მიაგეს ზეცის ღმერთს.
14 . მეორე უბედურებამ გადაიარა და აჰა, მესამე უბედურება მოდის მალე.
15 . მეშვიდე ანგელოზმა ჩაჰბერა და გაისმა ცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: "ქვეყნიერების სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე”.
16 . და ოცდაოთხი უხუცესი, რომლებიც ღვთის წინაშე სხედან თავიანთ ტახტებზე, პირქვე დაემხო და თაყვანი სცა ღმერთს.
17 . თქვეს: "გმადლობთ, შენ, უფალო, ყოვლისმპყრობელო ღმერთო, რომელიც ხარ და რომელიც იყავი, რადგან ხელთ იპყარ შენი დიდი ძალა და გამეფდი.
18 . წარმართები გამძვინვარდნენ და მოვიდა შენი რისხვა; დადგა ჟამი მკვდრების განკითხვისა, რომ საზღაური მიეზღოთ შენს მონებს - წინასწარმეტყველებს, წმიდანებსა და მათ, რომელთაც შენი სახელის ეშინიათ - დიდებსა და პატარებს, რათა მოსპო დედამიწის მომსპობნი”.
19 . მაშინ გაიღო ღვთის ტაძარი, რომელიც ზეცაშია, და გამოჩნდა მისი აღთქმის კიდობანი მის ტაძარში; და იქმნა ელვანი და ხმანი, ქუხილნი და მიწისძვრა, და ძლიერი სეტყვა.