1 . მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, შვიდი თასი რომ ჰქონდათ, დამელაპარაკა და მითხრა: "მოდი და გაჩვენებ მრავალ წყალზე მჯდომი დიდი მეძავის სამსჯავროს.
2 . რომელთანაც მეძავობდნენ დედამიწის მეფენი და მისი სიძვის ღვინით თვრებოდნენ დედამიწის მკვიდრნი”.
3 . სულში გადამიყვანა უდაბნოში და ვიხილე დედაკაცი, რომელიც ღვთისმგმობი სახელებით სავსე, შვიდთავიან და ათრქიან მეწამული ფერის მხეცზე იჯდა.
4 . დედაკაცი შემოსილი იყო პორფირითა და ძოწეულით, მორთული იყო ოქროთი, პატიოსანი ქვებითა და მარგალიტებით და ხელში მისი სიძვის სიბილწითა და უწმინდურებით სავსე ოქროს თასი ეჭირა.
5 . შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: "დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედა”.
6 . და დავინახე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწმეთა სისხლით, და როცა ვიხილე, დიდად გამიკვირდა.
7 . მაშინ მითხრა ანგელოზმა: "რატომ გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ამ დედაკაცისა და შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცისა, მას რომ ატარებს.
8 . მხეცი, შენ რომ იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ უფსკრულიდან ამოვა და დაღუპვისკენ წავა; დედამიწის მკვიდრთ, რომელთა სახელებიც ქვეყნიერების შექმნიდან არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, გაუკვირდებათ, მხეცს რომ დაინახავენ, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.
9 . აქ არის გონება, რომელსაც სიბრძნე აქვს: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზეც ეს დედაკაცი ზის;
10 . მეფენიც შვიდნი არიან: ხუთი დაეცა, ერთი არის, მეორე კი ჯერ არ მოსულა და, როცა მოვა, მცირე ხანს დარჩება.
11 . მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა, შვიდთა რიცხვიდან, და დაღუპვისკენ მიდის.
12 . ათი რქა, რომლებიც იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას როგორც მეფეები, ერთი საათით.
13 . მათ ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალასა და ხელმწიფებას მხეცს გადასცემენ.
14 . ისინი შეებრძოლებიან კრავს და კრავი გაიმარჯვებს მათზე, ვინაიდან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე, და მასთან მყოფნი მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი არიან”.
15 . და მითხრა: "ეს წყლები, შენ რომ იხილე, სადაც მეძავი ზის, ხალხები და ბრბოები, ტომები და ენები არიან.
16 . ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი, შეიძულებენ მეძავს, დაარბევენ და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ, მას კი ცეცხლში დაწვავენ.
17 . ვინაიდან ღმერთმა ჩაუდო გულებში, რომ განახორციელონ მისი ჩანაფიქრი, აღასრულონ ერთი აზრი და მისცენ მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვები.
18 . ხოლო დედაკაცი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომელიც მეფობს დედამიწის მეფეებზე.