გამოცხადება თავი 15

1 . და ვიხილე სხვა ნიშანი ზეცაში, დიდი და საკვირველი; შვიდი ანგელოზი უკანასკნელი შვიდი წყლულით, რომლებითაც თავდებოდა ღვთის რისხვა.

2 . და ვიხილე მსგავსი ცეცხლშერეული მინის ზღვისა; და დგანან მინის ზღვაზე გამარჯვებულნი მხეცზე, მის ხატებასა და მისი სახელის რიცხვზე და ხელთ ღმერთის ქნარები უჭირავთ.

3 . და გალობენ მოსეს, ღვთის მსახურის, საგალობელს და კრავის საგალობელს; ამბობენ: "დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო! მართალია და ჭეშმარიტი შენი გზები, ხალხთა მეფეო!

4 . ვინ არ შეშინდება, უფალო, და არ განადიდებს შენს სახელს? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ამიტომ ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოჩნდა შენი სამართალნი”.

5 . ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, გაიხსნა მოწმობის კარვის ტაძარი ზეცაში.

6 . გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, შვიდი წყლულის მქონე, წმიდა და ნათელი სელის სამოსელით შემოსილნი და მკერდზე ოქროს სარტყლები ერტყათ.

7 . ოთხი ცხოველიდან ერთმა შვიდ ანგელოზს შვიდი ოქროს თასი მისცა, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღმერთის რისხვით სავსე.

8 . და აივსო ტაძარი კვამლით ღვთის დიდებისა და მისი ძალისგან, და ვერავინ შეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ დასრულდა შვიდი ანგელოზის შვიდი წყლული.