გამოცხადება თავი 8

1 . მეშვიდე ბეჭედი რომ ახსნა, დუმილი ჩამოვარდა ზეცაში დაახლოებით ნახევარ საათს.

2 . ვიხილე შვიდი ანგელოზი, ღვთის წინ რომ იდგნენ; და მიეცა მათ შვიდი საყვირი.

3 . მოვიდა სხვა ანგელოზი და სამსხვერპლოსთან დადგა; ოქროს საცეცხლური ეჭირა, და მიეცა ბევრი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვებთან ერთად მიეტანა ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ;

4 . და ანგელოზის ხელით ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად ღვთის წინაშე.

5 . აიღო ანგელოზმა საცეცხლური, აავსო იგი სამსხვერპლოს ცეცხლით და ჩამოაგდო დედამიწაზე; და შეიქმნა ქუხილი და გრგვინვა, ელვა და მიწისძვრა.

6 . და შვიდი ანგელოზი, შვიდი საყვირი რომ ჰქონდა, მოემზადა დასაყვირებლად.

7 . დააყვირა პირველმა საყვირი, და სისხლნარევი სეტყვა და ცეცხლი გადმოიყარა მიწაზე; დედამიწის მესამედი დაიწვა, ხეების მესამედი დაიწვა და მწვანე ბალახი მთლიანად გადაიბუგა.

8 . დააყვირა მეორე ანგელოზმა საყვირი და რაღაც დიდი ალმოდებული მთის მსგავსი ჩავარდა ზღვაში; და ზღვის მესამედი სისხლად იქცა.

9 . ამოწყდა ზღვაში ცოცხალი არსებების მესამედი, და ხომალდების მესამედი დაიღუპა.

10 . მესამე ანგელოზმა დააყვირა საყვირი და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი, ალმოდებული ჩირაღდანივით იწვოდა, და ჩავარდა მდინარეთა მესამედ ნაწილზე და წყალთა წყაროებზე.

11 . ამ ვარსკვლავის სახელი იყო აბზინდა; წყლების მესამედი ნაწილი აბზინდად იქცა და დიდძალი ხალხი დაიხოცა წყლებისგან, ვინაიდან დამწარდნენ ისინი.

12 . მეოთხე ანგელოზმა დააყვირა საყვირი და მოისპო მზის მესამედი, მთვარის მესამედი და ვარსკვლავთა მესამედი; რათა დაბნელებულიყო მათი მესამედი და აღარ ენათებინა დღის მესამედს, ისევე როგორც ღამისას.

13 . და ვიხილე არწივი, შუაგულ ცაში რომ დაფრინავდა და მესმა, დიდი ხმით რომ ღაღადებდა: "ვაი, ვაი, ვაი, დედამიწაზე მცხოვრებთ სამი ანგელოზის საყვირთა დანარჩენი ხმებისგან, რომლებიც ახლა დააყვირებენ საყვირებს”.