გამოცხადება თავი 18

1 . ამის შემდეგ ვიხილე სხვა ანგელოზი, ციდან რომ ჩამოდიოდა და დიდი ხელმწიფება ჰქონდა; დედამიწა განათდა მისი დიდებით.

2 . დაიძახა ძლიერი ხმით და თქვა: "დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, გახდა ეშმაკთა სამკვიდროდ და ყოველი არაწმიდა სულის საპყრობილედ; და ყოველი ბილწი მხეცისა და არაწმიდა ფრინველის საპყრობილედ;

3 . ვინაიდან მისი გარყვნილების მძვინვარე ღვინისგან სვა ყველა ერმა; დედამიწის მეფეები მეძავობდნენ მასთან და დედამიწის ვაჭრები მისი ფუფუნების ძალით გამდიდრდნენ”.

4 . გავიგონე სხვა ხმა ციდან, რომელიც ამბობდა: "გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ გეწიოთ მისი წყლულებისგან.

5 . ვინაიდან ზეცამდე მიაღწია მისმა ცოდვებმა და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი.

6 . მიუზღეთ მას, როგორც მან მოგიზღოთ და ორმაგად მიაგეთ მისი საქმეების მიხედვით; სასმისი, რომელსაც ღვინით გივსებდათ, ორმაგად შეუვსეთ მას.

7 . რამდენადაც განდიდდებოდა და ნებივრობდა, იმდენად მიაგეთ ტანჯვა და გლოვა. ვინაიდან გულში ამბობდა: დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არ ვიხილავო.

8 . ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვება ცეცხლში, ვინაიდან ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას.

9 . და დაიტირებენ და იგლოვებენ მას დედამიწის მეფეები, მასთან რომ მეძავობდნენ და ნებივრობდნენ, როცა მისი ხანძრის კვამლს დაინახავენ.

10 . მისი ტანჯვის შიშის გამო შორს მდგომარენი იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, ძლიერო ქალაქო, რადგან ერთ საათში დადგა შენი განკითხვა.

11 . დედამიწის ვაჭრები დაიტირებენ და იგლოვებენ მას, ვინაიდან აღარავინ იყიდის მათ საქონელს,

12 . ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებსა და მარგალიტებს, ბისონსა და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, ყოველგვარ სურნელოვან ხესა და სპილოს ძვლის ყოველგვარ ჭურჭელს, ასევე ძვირფასი ხის, სპილენძის, რკინისა და მარმარილოს ყოველგვარ ჭურჭელს,

13 . დარიჩინსა და სურნელს, საკმეველსა და ნელსაცხებელს, გუნდრუკს, ღვინოსა და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, საქონელსა და ცხვრებს, ცხენებსა და ეტლებს, ადამიანთა სხეულებსა და სიცოცხლეს.

14 . შენი გულის სასურველი ხილის ნაყოფი წავიდა შენგან, ყველაფერი პოხიერი და ბრწყინვალე გაგიქრა და ვეღარავინ იპოვის მათ.

15 . ყოველივე ამით მოვაჭრენი, მისგან რომ გამდიდრდნენ, შორს გადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და იგლოვებენ.

16 . იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, ბისონით, პორფირითა და ძოწეულით შემოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკულო,

17 . რადგან ერთ საათში დაიღუპა ესოდენ დიდი სიმდიდრე. ყოველი მესაჭე, და ყველანი, ვინც ცურავს, და მეზღვაურები, ყოველი ზღვაზე მოსაქმე, შორს გადგა.

18 . მოსთქვამდნენ მისი ხანძრის კვამლს რომ უყურებდნენ, და ამბობდნენ: რომელი ქალაქი ჰგავდა ამ დიდ ქალაქს?

19 . თავზე მტვერი დაიყარეს და მოსთქვამდნენ ტირილითა და გლოვით: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის ძვირფასეულობებითაც გამდიდრდა ყველა, ვინც ხომალდით დაცურავდა ზღვაზე! რადგან ერთ საათში გაუდაბურდა.

20 . გაიხარეთ მასზე, ცაო და წმიდანო, მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგან მოჰკითხა მათ ღმერთმა თქვენი სამართალი.

21 . ასწია ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა, გადააგდო ზღვაში და თქვა: "ასეთი დაცემით დაემხობა დიდი ქალაქი ბაბილონი და აღარ იქნება.

22 . ქნარზე დამკვრელთა და მომღერალთა, მესალამურეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ გაისმება შენში; აღარ დარჩება შენში არავითარი ხელოსანი და ხელოსნობა, აღარც დოლაბის ხმა გაისმება შენში.

23 . ლამპრის სინათლე აღარ გაგინათებს; აღარ გაისმება შენში ნეფე-დედოფლის ხმა, რადგან შენი ვაჭრები იყვნენ დედამიწის დიდებულები და შენი გრძნეულება აცდუნებდა ხალხს.

24 . მასში იქნა ნაპოვნი წინასწარმეტყველთა, წმიდანთა და დედამიწაზე ყველა მოკლულის სისხლი”.