1 . ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, ღია კარი ცაში და ხმამ, პირველად საყვირივით რომ შემომესმა, მითხრა: "აქ ამოდი და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ”.
2 . მყისვე სულში აღმოვჩნდი და, აჰა, ტახტი დგას ცაში და ვიღაც ზის ტახტზე.
3 . მჯდომი შესახედაობით იასპის ქვასა და სარდიონს წააგავს; ხოლო ტახტს ირგვლივ შემორტყმული ცისარტყელა შესახედაობით ზურმუხტს ჰგავს.
4 . ტახტის ირგვლივ ოცდაოთხი ტახტი დგას, ხოლო ტახტებზე ოცდაოთხი უხუცესი ზის; თეთრი სამოსი აცვიათ და თავზე ოქროს გვირგვინები ადგათ.
5 . ტახტიდან გამოდიან ელვანი, ქუხილნი და ხმანი; ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ლამპარი ანთია, რომლებიც შვიდი სულია ღვთისა.
6 . ტახტის წინ ბროლის მსგავსი მინის ზღვაა, ტახტის შუაში და ტახტის ირგვლივ - ოთხი ცოცხალი არსება, წინიდან და უკნიდან თვლებით სავსე.
7 . პირველი არსება ლომს ჰგავს, მეორე - ხარს, მესამეს ადამიანის სახე აქვს, მეოთხე მფრინავ არწივს ჰგავს.
8 . ამ ოთხი ცოცხალი არსებიდან თითოეულს ექვსი ფრთა ასხია, ირგვლივ და შიგნიდან თვალებით არიან სავსენი; არც დღისით, არც ღამით არა აქვთ მოსვენება; ამბობენ: "წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა”.
9 . როცა არსებანი დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნიან ტახტზე მჯდომს, ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე,
10 . ოცდაოთხი უხუცესი ემხობა ტახტზე მჯდომის წინ და თაყვანს სცემს უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს, თავიანთ გვირგვინებს ამხობენ ტახტის წინ და ამბობენ:
11 . "ღირსი ხარ უფალო, და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე, შენი ნებით არსებობენ და იქმნენ”.