1 . და დავინახე ზღვიდან ამომავალი მხეცი, შვიდი თავი და ათი რქა რომ ჰქონდა; რქებზე ათი დიადემა ედგა, თავებზე კი - საგმობი სახელები.
2 . მხეცი, მე რომ ვიხილე, ავაზას ჰგავდა; ფეხები დათვის ტორებს მიუგავდა, პირი - ლომის ხახას; და მისცა მას გველეშაპმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ძალაუფლება.
3 . და ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული, მაგრამ ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა; და მთელი დედამიწა განცვიფრებული გაჰყვა მხეცს.
4 . და თაყვანი სცეს გველეშაპს, ძალაუფლება რომ მისცა მხეცს; თაყვანს სცემდნენ მხეცს და ამბობდნენ: ვინ არის ამ მხეცისთანა? ვის ძალუძს მასთან შებრძოლება?
5 . და მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკა და დაეგმო ღმერთი; და მიეცა მას ხელმწიფება ორმოცდაორ თვეს სამოქმედოდ.
6 . გახსნა მან პირი ღვთის საგმობად და დაგმო მისი სახელი, მისი სავანე და ცაში დავანებულნი.
7 . და მიეცა მას, რომ ეომა წმიდებთან და გაემარჯვა მათზე, და მიეცა მას ძალაუფლება ყველა ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე;
8 . და თაყვანი სცა მას დედამიწის ყველა მცხოვრებმა, რომელთა სახელებიც არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, დაკლულ კრავს რომ აქვს ქვეყნიერების დასაბამიდან.
9 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს.
10 . ვისაც ტყვე მიჰყავს, თვითონაც ტყვედ წავა; ვინც მახვილით ჰკლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება. ამაშია წმიდათა მოთმინება და რწმენა.
11 . და ვიხილე მიწიდან ამომავალი სხვა მხეცი; რომელსაც კრავის მსგავსი ორი რქა ჰქონდა, თუმცა ლაპარაკობდა როგორც გველეშაპი.
12 . ის პირველი მხეცის მთელი ძალაუფლებით მოქმედებდა მის წინაშე და აიძულებდა დედამიწას და მის მკვიდრთ თაყვანი ეცათ პირველი მხეცისთვის, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა განეკურნა.
13 . და ახდენდა დიდ სასწაულებს, ცეცხლიც კი ჩამოიტანა ციდან დედამიწაზე ადამიანთა წინაშე.
14 . აცდუნებდა დედამიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომლებიც მიეცა მას მხეცის წინაშე მოსახდენად; ეუბნებოდა დედამიწის მკვიდრთ, რომ გაეკეთებინათ მხეცის ხატება, რომელიც დაიჭრა მახვილით, მაგრამ გაცოცხლდა.
15 . და მიეცა უფლება, რომ სული შთაებერა მხეცის ხატებისთვის, რათა მხეცის ხატებას ისე ელაპარაკა და ემოქმედა, რომ მოკლულიყო ყოველი, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას.
16 . და ყველას - პატარებს და დიდებს, მდიდრებს და ღარიბებს, თავისუფლებს და მონებს - მიაღებინა ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე.
17 . რომ არავის შეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი - მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი.
18 . აქ არის სიბრძნე: ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი.